ახალი ამბები

6 არასამთავრობო უგულავას მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების ეჭვზე მიუთითებს

17 მარტი, 2015 • 1091
6 არასამთავრობო უგულავას მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების ეჭვზე მიუთითებს

თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კიდევ ერთხელ შეეფარდა. მას ბრალი პროკურატურამ 14 თებერვალს დაუმძიმა. უგულავას მიმართ წარმოებულ ერთ-ერთი ბრალდების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების მაქსიმალური, 9-თვიანი ვადა აპრილის დასაწყისში ეწურებოდა.

 

“პროკურატურის მიერ მსგავსი შუამდგომლობის დაყენება და სასამართლოს მიერ მისი დაკმაყოფილება მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენების პრეცედენტია, ხოლო საზოგადოების ნაწილში არსებული განცდა, რომ ხელისუფლების თვითმიზანი პოლიტიკური ოპონენტის, გიორგი უგულავას პატიმრობაში ყოფნაა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გამყარდა,”– ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში. 

 

განცხადების თანახმად, გიგი უგულავას “წინააღმდეგ წარმოებული საქმეების რაოდენობა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ბრალდების წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის ქრონოლოგია, სერიოზულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულის დაპატიმრება, ხოლო შემდეგ მისი ხანგრძლივი პატიმრობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავარი პროკურატურის თვითმიზნად იქცა.”

 

აღნიშნულ განცხადებას ხელს არასამთავრობო ორგანიზაციები: “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “მედიის განვითარების ფონდი”, “იდენტობა”, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია”, “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აწერენ.


მასალების გადაბეჭდვის წესი