ახალი ამბები

პრეზიდენტი: ვეწინააღმდეგებით ნაბიჯებს, რომელსაც დგამს მოსკოვი აფხაზეთის მიმართ

23 ნოემბერი, 2014 • • 1137
პრეზიდენტი: ვეწინააღმდეგებით ნაბიჯებს, რომელსაც დგამს მოსკოვი აფხაზეთის მიმართ

პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ერთიანი საქართველოს საზღვრებში არის შესაძლებელი აფხაზებისა და ოსების თვითმყოფადობის შენარჩუნება.

 

“ბოლო ერთი თვეა მთლიანად ჩვენი საგარეო აქტივობები მოცულია იმით, რომ რაღაცნაირად აღვუდგეთ ამ აბსოლუტურად ალოგიკურ ნაბიჯს. ასევე ჩვენი საშინაო პოლიტიკა, როდესაც მივმართავთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, მოცულია ამ თემით, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ყველას გავაგებინით, რომ რეალობა და მომავალი როგორც აფხაზობის, ასევე ოსობის საქართველოში არის მხოლოდ ერთიანი საქართველოს ფარგლებში. ეს გაგება ნელ-ნელა უფრო აქტიური ხდება აფხაზობაში და ოსობაში, რადგან რეალურად საკუთარი თავის დაცვას, საკუთარი იდენტობის დაცვა შესაძლებელია ჩვენი კულტურის და ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში. ვეწინააღმდეგებით ამ ნაბიჯს, რომელსაც დგამს მოსკოვი. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს ყველა მხარდამჭერს მსოფლიოს მასშტაბით გავაგონო ეს პოზიცია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “კურიერთან” საუბრისას.

 

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

 

შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. 

 

პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი  ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. 

 

შეთანხმება თანამშრომლობის ახალ დონეს ითვალისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი