ახალი ამბები

ქალების ხმა, რომელიც საჯარო სივრცეში ისმის [ვიდეო]

21 ოქტომბერი, 2014 • • 1445
ქალების ხმა, რომელიც საჯარო სივრცეში ისმის [ვიდეო]

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან სამზარეულოს ჭურჭელი მიიტანეს და აახმაურეს. თეატრალიზებული აქციის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ ქალები მხოლოდ საშინაო სივრცეში არსებობენ და მათ საჯარო სივრცეში მოღვაწეობის უფლებაც აქვთ.

 

აქციის მონაწილე ფემინისტმა თამთა მელაშვილმა გვითხრა, რომ სამზარეულოს ინვენტარი, რომელიც ასოცირდება ქალის ჩაგვრის ერთგვარ ფორმად, პროტესტის ფორმად აქციეს.

 

თამთა მელაშვლის თქმით, სამზარეულოს ინვენტარს 1970-იან წლებში ფემინისტები გამოიყენებდნენ სხვდასხვა აქციის დროს.  ეს ფაქტი მიანიშნებს იმას, რომ ქალთა ჩაგვრა და საშინაო სივრცეში გამოკეტვა არის საერთაშორისო პრობლემა, რომელიც მხოლოდ ერთი კულტურის საზღვრებში არ ექცევა:

“ქალზე ძალადობა ეს გლობალური პრობლემაა და ქალზე ძალადობა არ არის მხოლოდ ქალის პრობლემა და ოჯახის პრობლემა, ეს არის სოციალური პრობლემა, რომელიც უნდა ვაღიაროთ და პირველ რიგში, ეს უნდა აღიაროს სახელმწიფომ.”

თამთა მელაშვილის თქმით, ქალები რომ მსხვერპლნი არიან, მიუთითებს იმაზე, რომ კაცის ხელშია ძალაუფლება, მათ მიაჩნიათ, რომ ძალადობის ლეგიტიმური უფლება აქვთ და რამდენადაც ცდილობენქალები თავისი ცხოვრებით ცხოვრებას, მით უფრო მეტად უძლური და სასტიკი ხდებიან კაცები.

 

“მაგრამ ჩვენ არ უნდა შევშინდეთ და გვახსოვდეს, რომ  ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, გვაქვს არჩევანის უფლება, გვაქვს ღირსება, რომელსაც ლახავენ”, – ამბობს თამთა მელაშვილი.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ქალთა პრობლემები წლების განმავლობაში იყო უყურადღებოდ დატოვებული.

აქცია
აქცია 'ქალის ხმა' მთავრობის კანცელარიასთან. 21.10.2104

“თუ ამას არ მოჰყვა ადეკვატური რეაქცია ხელისუფლების მხრიდან, ალბათ, უფრო მასშტაბური გახდება ეს აქციები. იმიტომ, რომ დღემდე ოჯახში ძალადობა აღიქმება კერძო შემთხვევებად, რომელშიც სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს”, – ამბობს აღდგომელაშვილი.

ქალთა უფლებების დამცველის აზრით, ბოლო დროს განვითარებულმა პრობლემებმა აჩვენა ქალების მიმართ დამოკიდებულება. მისი თქმით, ბევრი მიზეზი არსებობს, რამაც გამიწვია ქალთა მკვლელობები: დაუსჯელობის სინდრომი, აგრესიის ძალიან დიდი მუხტი, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა და საზოგადოების ყველაზე მარგინალიზებულ ნაწილზე იხარჯება.

 

ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ ძალადობის მუქარაც განსაზღვრავს ქალების ქცევას, იმდენად გამჯდარი აქვთ შიში, რომ საკუთარი ქცევის კონტროლს იწყებენ, როგორ მოიქცნენ, რომ ძალადობას თავი აარიდონ, თუმცა ქალები ნელ-ნელა ცდილობენ გათავისუფლებას:

 

“მეტად თუ ნაკლებად, უფრო დამოუკიდებელი ხდება ქალი, მეტის სურვილიც აქვს და მეტის პრეტენზიაც აქვს, უბრალოდ არ უნდა, რომ მის ცხოვრებას ვიღაც აკონტროლებდეს. ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც საჩვენებელი დასჯა ქალებისა, რომლებსაც აღარ სურთ ამ მდგომარეობასთან შეგუება.”

ლუკა ნახუცრიშვილი, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც ასევე იმყოფებოდა აქციაზე, ამბობს, რომ ქალთა გახშირებული მკვლელობები ცხადჰყოფს, საზოგადეობაში არის გარკვეული სახის მოცემულობები, რომელიც ხელს უწყობს, რომ გარკვეულ სიტუაციაში ბევრმა ადამიანმა ერთნაირი რეაქცია გამოხატოს.

 

ლუკა ნახუცრიშვილის აზრით, ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული ფაქტები მიანიშნებს, რომ ქალთა გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს და შეუქცევადია:

“ის, რომ ქალების დიდი ნაწილი, როგორც ეს 1990-იან წლებში ხდებოდა და დღემდე ხდება, ძალიან დიდი ფიზიკური შრომის ფასად ინახავენ ოჯახებს, კაცები უქმად არიან და არ ვიცი, როგორ ახორციელებენ თავიანთ ყბადაღებულ მამაკაცურ ღირსებას, პრობლემა მაშინ უჩნდებათ, როდესაც ქალი იწყებს მისი ღირსების შესაბამის, დაფასებული სამუშაოს კეთებას. მანდ ელახება ზოგიერთ კაცს ე.წ. ღირსება.”

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იქმნება უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის, ოჯახში ძალადობის თემებზე იმუშავებს.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარეობდა მუშაობა ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის პრეზენტაცია 24 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი