ახალი ამბები

სააკაშვილი: ღარიბაშვილმა მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლა წყალში გადაყარა

17 ოქტომბერი, 2014 • • 1481
სააკაშვილი: ღარიბაშვილმა მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლა წყალში გადაყარა

ყოფილი პრეზიდენტი ფეისბუქის ოფიციალურ გვრდზე წერს, რომ ირაკლი ღარბაშვილმა საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას შეურაცხყოფა მიაყენა:

 

“საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია (ასე უწოდებდა მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მომხდარ ტრაგედიას) გამოაცხადა აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის. ამ იურიდიული ტერმინის გამოყენებით ხდება ჩვენი მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის მთლიანად წყალში გადაყრა.

“თვითგამორკვევა” ძალიან კონკრეტული შინაარსის საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინია, რომელიც მთლიანად ათავისუფლებს რა რუსეთს ოკუპაციისა და სხვა ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობისაგან, გზას ხსნის აფხაზეთის “დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის” საერთაშორისო აღიარებისკენ. ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამემამულესა და თითოეულ ქართველს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აფხაზების, როგორც საქართველოს მოძმე ერის თვითმყოფადობა შენარჩუნდეს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციის შეთანხმების პროექტი სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.


პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. შეთანხმება თანამშრომლობის ახალ დონეს ითვალისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი © EPA 07.12.2013
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი © EPA 07.12.2013

მასალების გადაბეჭდვის წესი