ახალი ამბები

ვირუსული მენინგიტის შემთხვევები 269-მდე გაიზარდა

25 მაისი, 2014 • • 2456
ვირუსული მენინგიტის შემთხვევები 269-მდე გაიზარდა

თუმცა 23 მაისს ვირუსული მენინგიტის მხოლოდ 190 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 


იმის მიუხედავად, რომ შარშან [2013], დროის იგივე მონაკვეთში ვირუსული მენინგიტის მხოლოდ ერთეული შემთხვევები დარეგისტრირდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ წლევანდელი მონაცემი საგანგაშო არ არის. თუმცა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლა შეწყდა. სწავლის შეწყვეტა ვირუსული მენინგიტის შემთხვევების გაზრდას უკავშირდება.


როგორც ნეტგაზეთთან საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, აღნიშნული რიცხვის მიუხედავად, ბოლო მონაცემით [24 მაისი] ვირუსული მენინგიტის გავრცელების სტაბილიზაციის ტენდენცია შეიმჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების ფაქტები ისეთი რაოდენობით აღარ იმატებს, როგორც წინა დღეებში. 



რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, რომელზეც ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გავრცელდა ვირუსული მენინგიტი, 5-დან 9 წლამდეა. 



 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, ვირუსული მენინგიტით ძირითადად ბავშვები ინფიცირდებიან, ვინაიდან ვირუსული მენინგიტების უმეტესობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, გამოწვეულია ენტეროვირუსებით. ენტეროვირუსები კი, როგორც ვირუსული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი, ყველაზე ხშირად ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ფეკალური დაბინძურებით (მაგალითად, პამპერსის გამოცვლის დროს, საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ ხელების არასათანადო დაბანით).

 

 

 

“ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად ვირუსული მენინგიტით დაინფიცირების რისკი იზრდება. ვირუსული მენინგიტი ნაკლებად მძიმე დაავადებაა, ვიდრე ბაქტერიული მენინგიტი. სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს, პაციენტები გადიან სიმპტომურ მკურნალობას და 7-10 დღის შემდეგ, როგორც წესი, გამოჯანმრთლდებიან. ინფიციფირების შემთხვევების ზუსტი სტატისტიკა არ ვიცით, მაგრამ ზრდა შეიმჩნევა. აპრილის ბოლოდან დღემდე 40-მდე შემთხვევა არის რეგისტირებული,”- ამბობს სპეციალისტი.  

 

 

 

ვირუსული მენინგიტის ფატალურად დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვირუსია გამომწვევი, რა ასაკის არის პაციენტი და დასუსტებულია თუ არა მისი იმუნური სისტემა.

 

 

 

რაც შეეხება სიმპტომებს, ვირუსული მენინგიტი ხასიათდება ტემპერატურის უეცარი მატებით, თავის ტკივილით და კისრის დაჭიმვით. მას ხშირად თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, უმადობა. 

 

 

 

პრევენციის მიზნით, სპეციალისტების რჩევებს შორისაა ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით პამპერსის გამოცვლის, საპირფარეშოს ხმარების, ხველების, დაცემინების შემდეგ; ხშირად შეხებადი ზედაპირების სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია [როგორიც არის კარის სახელური და ა.შ.], მწერების ნაკბენების თავიდან აცილება, თაგვებისა და ვირთხებისგან საცხოვრებელი ტერიტორიის გათავისუფლება, ასევე, აცრები იმ გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა წითელა, ყბაყურა, გრიპი [ეს დაავადებებიც ხდება ვირუსული მენინგიტის გამომწვევი]. 





მასალების გადაბეჭდვის წესი