ახალი ამბები

უგულავა: როდის მორჩება ახალი მთავრობა ჩუკენობას?

26 იანვარი, 2013 • • 1375
უგულავა: როდის მორჩება ახალი მთავრობა ჩუკენობას?

 “მე ახლა ვიმყოფები კაჩინსკის სახელობის სკვერში, სადაც ყოველდღიურად უამრავი ბავშვი, მოხუცი და ჩვენი თანამოქალაქე, აქ, ამ რაიონში მცხოვრბეი უამრავი ადამიანი სეირნობს. მე მინდა საზოგადოებას ვამცნო და ავუხსნა, რა კავშირშია ეს ყველაფერი ამ სკვერთან. ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის მერიის ძალიან ბევრი თანამშრომელი დაიკითხა პროკურატურის მიერ. ჩვენი პროკურატურა შეეჩვია ქარაგმებით საუბარს. თუ რა შუაშია ეს ყველაფერი კაჩინსკის სკვერთან,  მინდა ავუხსნა საზოგადოებას. აი, აქ, სადაც ახლა ბავშვები თამაშობენ, მხედრიონის დროიდან მოყოლებული  ჟანგისა და ბეტონის ხროვად ქცეული ბენზინგასამართი სადგური იდგა, რომელიც ყველა იურიდიული თუ ესთეტიკური ნორმის მიღმა არსებობდა. მეტსაც გეტყვით, ის საერთოდ არ ფუნქციონირებდა”, – განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერში. მისი თქმით, როცა სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო, მეპატრონესთან შეთანხმებით, აღნიშნული ბენზინგასამართი სადგური დაანგრიეს და ააშენეს სკვერი, ახლა კი ეს მეპატრონე სახელმწიფოს ედავება 300 000 ლარს. გიგი უგულავას მიაჩნია, რომ ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის თანხის გამოძალვის მცდელობა და შემდეგ  “ვიღაც გამომძიებლებისთვის ატკატის სახით” მიცემა.


“რიტორიკულ კითხვას დავსვამ, რადგან ამ მთავრობასთან დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა აი, ამ ჩუკენობას და როდის გადავა რეალურად საქმის კეთებაზე? მე შემიძლია ათობით ობიექტი ჩამოვუთვალო მათ, სადაც ასე უკანონო ობიექტები არსებობდა და პირადად ჩემი დირექტივით მათი დემონტაჟი მოხდა კანონის სრული დაცვით”, – განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი