ეკონომიკა

რუსეთიდან 188 მილიონი დოლარი „გაიქცა“

19 მაისი, 2012 • 2572
რუსეთიდან 188 მილიონი დოლარი „გაიქცა“

2012 წლის 3 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით განვითარებული ქვეყნებიდან დიდი რაოდენობის კაპიტალის გადინება დაფიქსირდა.

ამერიკული სააგენტოს EPFR-ის ცნობით, დროის ამ მონაკვეთში განვითარებული ქვეყნებიდან 1,1 მილიარდი დოლარის კაპიტალი გავიდა.

სააგენტოს შეფასებით, კაპიტალის გადინების ეს მაჩვენებელი 2012 წლის დასაწყისიდან ყველაზე მაღალია.

„ფულის წასვლას“ ექსპერტები ინვესტორების სიფრთხილით ხსნიან, რადგან ევროკრიზისის ფონზე ევროპის ეკონომიკის მომავალი ბუნდოვანია.

პრობლემებია ჩინეთის ეკონომიკაშიც. სტატისტიკამ აჩვენა, რომ 2012 წლის პირველ სამ თვეში ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

სააგენტოს ანალიტიკოსებმა ცალკე დათვალეს იმ  საინვესტიციო ფონდებიდან გასული კაპიტალი, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში საქმიანობენ. ამ ქვეყნების ეკონომიკებიდან, ფონდების მონაცემებით, 598 მილიონი დოლარი გავიდა. ყველაზე მეტი, 188 მილიონი დოლარი, 3–9 მაისის ჩათვლით რუსეთის ფედერაციიდან  „გაიქცა“.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან კაპიტალის გადინების მაჩვენებელმა 35,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი