ახალი ამბები

შს მინისტრი: ქურციკიძე ჯაშუშური საქმიანობისთვის არ იყენებდა EPA-ს

13 ივლისი, 2011 • 1237
შს მინისტრი: ქურციკიძე ჯაშუშური საქმიანობისთვის არ იყენებდა EPA-ს

“ბლუმბერგის” შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით სტატიებს აქვეყნებენ “ფრანს პრესი” და “როიტერი”.

“მე შემიძლია გითხრათ, რომ ზურაბ ქურციკიძე ჯაშუშური საქმიანობისთვის არ იყენებდა საინფორმაციო სააგენტო EPA-ს და არც ერთ სხვა ორგანიზაციას, ვისთვისაც ის მუშაობდა,“- ვანო მერაბიშვილის ამ ციტატას “როიტერი” ავრცელებს.

სააგენტო “ფრანს პრესის” ცნობით, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შეუძლია დაამტკიცოს გრძელვადიანი კონტაქტი რუს ოფიცრებსა და ჯაშუშური ქსელის მიერ წარმოდგენილ მთავარ ფიგურას შორის – ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტოგრაფ ზურაბ ქურციკიძის სახით.

“ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ქურციკიძე 2004 წლიდან იყო კონტაქტში იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ ჩავნერგეთ რუსეთის სამხედრო სპეცსამსახურის ოფიცრებად”, – განაცხადა მერაბიშვილმა, – იუწყება “ფრანს პრესი”.

ამავე სააგენტოს მოჰყავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის კიდევ ერთი ციტატა:

“ერთ ცალკეულ შემთხვევასაც კი, რომელიც არ არის გამყარებული სერიოზული მტკიცებულებებით, შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოსა და არსებულ ადმინისტრაციას”.

“როიტერის” ცნობით, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა:

“ეს არ არის ისტერია. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსული საიდუმლო სამსახურები ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ.
ნამდვილად სულელურია მოსაზრება, თითქოს ჩვენ ფოტოგრაფები მათი საქმიანობის გამო, თუნდაც 26 მაისს გადაღებული ფოტოების გამო დავსაჯეთ”.

“როიტერის” ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მოსმენების 95% იქნება საჯარო.

მასალების გადაბეჭდვის წესი