დღეს საქართველოში ერთროულად რამდენიმე დღესასწაული აღინიშნება: გიორგობა, „აჭარის ასლან აბაშიძის რეჟიმისგან გათავისუფლების“ და პოლიციის დღე.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა-ლოცვა თბილისში, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა. პოლიციის დღე კი ხელისუფლებამ, „აჭარის გათავისუფლების“ მე-7 წლისთავთან ერთად, სიმბოლურად სწორედ ბათუმში, ახალგახსნილ ბულვარში აღნიშნა საზეიმო აღლუმით.
საზეიმო აღლუმი, რომელშიც 4 ათასი სამართალდამცველი მონაწილეობდა, დღეს 12 საათზე გაიმართა. აღლუმი საქართველოს პრეზიდენტმა და შს მინისტრმა ჩაიბარეს. საზეიმო ცერემონიას მთავრობის სხვა წევრები და დიპლომატიული კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მიხეილ საკაშვილმა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას პოლიციელებს პოლიციის დღე, „აჭარის გათავისუფლება“ და გიორგობა მიულოცა.
„უკვე რამდენიმე წელია თქვენ ასხივებთ საქართველოსთვის, გამოსცემთ სითბოს მისთვის და კაშკაშა სინათლეს გადასცემთ რეგიონის ბევრ ქვეყანას და გაზვიადების გარეშე, მთელ მსოფლიოს,“ – ასე მიმართა მიხეილ სააშვილმა ქართულ პოლიციას.
მან, ასევე, ისაუბრა პოლიციის რეფორმაზე, საბჭოთა პოლიციის ნაკლოვანებებზე და ხაზი გაუსვა თანამედროვე ქართული პოლიციის მიღწევებსა და დადებით მახასიათებლებს. მისი თქმით, დღევანდელ ქართულ პოლიციას ხალხი „სიყვარულითა და მოწიწებით“ ეკიდება.
6 მაისი პოლიციის დღედ საქართველოს მთავრობამ გასულ წელს გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მაშინ შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ასე ახსნა:
„6 მაისი საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობისთვის სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება. ჯერ ერთი, გიორგობაა და ამასთან ერთად, ეს ის დღეა, როდესაც აჭარა გათავისუფლდა ასლან აბაშიძის რეჟიმისაგან. ამიტომაც გადავწყვიტეთ, სწორედ 6 მაისი ავირჩიოთ.“
„ხელისუფლებისა და ეკლესიის „პერიოდული ქორწინება“ – ასე აფასებს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი.
„ბუნებრივია, ეს უცნაური პერიოდული ქორწინებები ეკლესიასთან აბსოლუტურ კავშირშია, ხელისუფლების რეიტინგი რომ აწიონ,“ – ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.
საინტერესოა, როგორ გამოიყურება საზოგადოების ნდობის მიხედვით სხვადასხვა ინსტიტუციების რეიტინგები საქართველოში: 2010 წლის შემოდგომაზე აშშ-ს მთავრობისა და USAID-ის დაკვეთით „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) ქართული საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, ქართველების 91% ქართულ ეკლესიას ენდობა, 87% – ჯარს, ხოლო 84% – პოლიციას.
ქართული პოლიციისადმი საზოგადოებრივი კეთილგანწყობისა და ნდობის ამაღლებას გარკვეულწილად ბოლოდროინდელი პიარ-კამპანია ემსახურება, რომელშიც უხვად მონაწილეობენ ბავშვები. ბავშვები ჯერ პოლიციის საიმიჯო კლიპში გამოჩნდნენ, ხოლო დღეს კი – ბათუმში, საზეიმო აღლუმზე.
„გაუგონარი რამ არის ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვა ამ პიარში. მე ბოლშევიზმის გარიჟრაჟს მახსენებს ბავშვების ჩართვა, აი, ამ პიარკამპანიებში, ვინც რამე იცის ბოლშევიზმის, ამ იდეის შესახებ, როგორ იწყებდნენ ისინი და რა ტიპის რევანშებს ახორციელებდნენ, როგორ რთავდნენ ამაში ყველა თაობის, ყველა ასაკის, ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს და როგორი ტოტალური გახდა ამ იდეოლოგიური მანქანის გავრცელების არეალი. თუ ვინმეს ელემენტარული წარმოდგენა აქვს ამის შესახებ, ნახავს, რომ დღეს აბსოლუტურად იდენტური პროცესი ხდება,“ – ამბობს ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი.
„ბავშვების აღლუმი და პოლიციის საბავშვო კლიპი არის დასტური იმისა, რომ საქართველოში შენდება პოლიციური დიქტატურა,“ – ამბობს „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი. მისივე თქმით, „სააკაშვილის რეჟიმს ეშინია საზოგადოებრივი პროტესტის“ და სწორედ ამის გამო, საპროტესტო აქციების თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტა დღეს პოლიციის დღის არა თბილისში, არამედ ბათუმში აღნიშვნა.
პოლიციის დღე შარშან, როდესაც ეს დღესასწაული დაწესდა, თბილისში საპროტესო აქციების ფონზე აღინიშნა, რაც სამართალდამცველებისა და მომიტინგეების შეტაკებით დასრულდა:
2010 წლის 6 მაისს ლევან გაჩეჩილაძემ, ნინო ბურჯანაძემ, ეკა ბესელიამ, ზვიად ძიძიგურმა, ზურაბ ნოღაიდელმა და სხვებმა მოაწყვეს საპროტესტო დემონსტრაცია შსს-ს ახალი შენობისაკენ, სადაც პოლიციის აღლუმი იმართებოდა.
შსს-თან მისასვლელი გზები გადაკეტილი იყო, რის შემდეგაც დემონსტრანტები აღლუმისკენ შემოვლითი, სატვირთო მატარებლებისთვის განკუთვნილი გზით გაემართნენ, თუმცა მათ იქ სპეცდანიშნულების რაზმი დახვდა. სამართალდამცავებმა მომიტინგეებს მიახლოების საშუალება არ მისცეს და უკან დაახევინეს, რა დროსაც რამდენიმე აქტივისტი დაშავდა.
2010 წლის 6 მაისის საპროტესო აქციის მიზეზი კი 2009 წლის 6 მაისს განვითარებული მოვლენები გახდა:
2009 წლის აპრილში ქართული ოპოზიციური პარტიები თბილისში ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ, რა დროსაც რუსთაველის გამზირზე საკნების ქალაქი იყო გაშლილი. საკნები იყო დადგმული „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთანაც, სადაც ტელეარხის ჟურნალისტებს ოფისში შესვლა „სირცხვილის კორიდორების“ გავლით ოპოზიციონერი აქტივისტების შეურაცხყოფის ფონზე უწევდათ.
ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევისას, 5 მაისს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის ჩხუბი ატყდა, რა დროსაც აქციის სამი მონაწილე სამართალდამცველებმა დააკავეს. მათი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციის მონაწილეები 2009 წლის 6 მაისს გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) ხელმძღვანელობით გაემართნენ დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც დაკავებულები იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეები დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. გია გაჩეჩილაძემ მომხრეებს უკან გაყოლისკენ მოუწოდა, ღობეს გადაახტა და პოლიციის სამმართველოს ეზოში შეიჭრა. მოგვიანებით ის პოლიციის სამმართველოს შენობიდან ნაცემი გამოიყვანეს.
შსს-მ მეორე დღესვე გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ დაპირისპირების შედეგად 6 მაისს პოლიციის მთავარი სამმართველოსა და წინასწარი დაკავების ცენტრის დაცვისას დაშავდა ექვსი პოლიციელი, საპროტესტო აქციის 22 მონაწილე და „საზოგადოებრივი არხის“ ჟურნალისტი.
ამ ამბიდან ერთი წლისთავზე ხელისუფლებამ 6 მაისი პოლიციის დღედ გამოაცხადა. მაშინ შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განმარტა, რომ ახალი პოლიციის დღე კარგი მიზეზი იქნებოდა იმაზე სასაუბროდ, თუ რა გაკეთდა აქამდე და როგორ უნდა გაგრძელდეს რეფორმები.
„როგორც კი ეს რეფორმები შეწყდება, იმწამსვე დავიწყებთ უკუსვლას, რაც არ უნდა დავუშვათ,“ – განაცხადა მან.
დღევანდელ აღლუმზე საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის რეფორმა ყველაზე წარმატებულ და ყველა სხვა რეფორმის „მშობლად“ გამოაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ რეფორმის შედეგად გახდა საქართველო “მსოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან”.
“დღევანდელ პოლიციას საზოგადოება ეკიდება სიყვარულით და მოწიწებით”, – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა სწორედ ქართული პოლიცია და შსს გახდა ყველა იმ მასშტაბური საპროტესტო აქციის მიზეზი, რაც საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაიმართა. საპროტესტო აქციების საბაბი გახდა პოლიციის მიერ სხვადასხვა დროს ახალგაზრდების მკვლელობები.
„პოლიცია გაძეძგილია რობაქიძის, გირგვლიანის, გამცემლიძის, ვაზაგაშვილის, შავაძის და სხვა ადამიანების მკვლელებით, ამიტომ მას ნამდვილად არ ეკუთვნის არანაირი დღესასწაული,“ – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.
„ისე, როგორც ყველა ავტორიტარული რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმიც ცდილობს, რომ ჩაანაცვლოს ავტორიტეტები. ამ შემთხვევაში, ერთადერთი სერიოზული ავტორიტეტი, რაც საქართველოში დარჩა, ეს არის ეკლესია და სწორედ ამიტომ ცდილობს მის მიერ მოგონილი დღესასწაულებით ჩაანაცვლოს რელიგიური დღესასწაულები. ეკლესიის ავტორიტეტისა და რელიგიის ჩანაცვლებას ცდილობენ ფსევდოღირებულებებით,“ – აცახდებს „ქართული პარტიის“ ლიდერი სოზარ სუბარი.
საქართველოს გარდა, პოლიციის დღეს ყოველწლიურად 10 ნოემბერს პომპეზურად აღნიშნავს რუსეთის ფედერაცია. ამ დღეს საბჭოთა კავშირის დაშლამდე მასში შემავალი ქვეყნები საბჭოთა პოლიციის დღეს აღნიშნავდნენ.
პოლიციის დღე ნაციონალური დღესასწაულია ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და კიდევ ათეულობით სახელმწიფოში.
დასავლეთის ქვეყნებში, როგორც წესი, პოლიციელთა ხსოვნის დღე აღინიშნება. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნის დღეს დიდ ბრიტანეთში 25 სექტემბერს, ავსტრალიაში – 29 სექტემბერს, აშშ-ში კი 15 სექტემბერს აღინიშნება.
