UEFA ბათუმში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ 26 ნოემბერს „ჰაპოელ ბეერ-შევასა“ და „ბეშიქთაშს“ შორის შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტებს გამოიძიებს.
უეფა მკაცრად გმობს ძალადობისა და არეულობის შემთხვევებს, მათ შორის სტადიონის შიგნით გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარ დაპირისპირებებს.
„ძალადობას, აგრესიას, სიძულვილსა და ნებისმიერი ფორმის პროვოკაციულ, დისკრიმინაციულ თუ ექსტრემისტულ ქცევას ფეხბურთში ადგილი არ აქვს. უეფას შეჯიბრებები ეფუძნება პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპებს“, — ნათქვამია ტექსტში.
უეფა აფიქსირებს, რომ ბათუმში მომხდარი მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უეფას წესდებით განსაზღვრულ მიზანს — უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო მატჩები მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით წარიმართოს.
„უეფამ დანიშნა ეთიკისა და დისციპლინური საკითხების ინსპექტორები, რომლებიც მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით დისციპლინურ გამოძიებას ჩაატარებენ და ყველა ხელმისაწვდომ მტკიცებულებას შეისწავლიან, რათა უეფას მოქმედი რეგულაციების შესაბამისად დაადგინონ შესაბამისი ფაქტები და გარემოებები“, — ნათქვამია განცხადებაში.
26 ნოემბერს ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის „ბათუმი არენაზე“ ჩატარდა. მატჩი დროებით შეჩერდა სტადიონზე არეულობის გამო. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. თურქმა გულშემატკივრებმა დაამტვრიეს სკამები და პოლიციელებს ესროლეს. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი. დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე ფანები.
ამავე თემაზე:
