ისრაელის საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ მადლობას უხდის საქართველოს, ბათუმსა და ქართველ სამართალდამცავებს 26 ნოემბერს ბათუმში უეფას ევროპის ლიგის ფარგლებში „ბეშიქთაშთან“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტებისას რეაგირების გამო.

„გვინდა, მადლობა და პატივისცემა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და გასულ საღამოს ყველაფერი გააკეთა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო სახლში.

დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის. მადლობა ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზუარეცს და ბეერ-შევას მერს, რუბიკ დანილოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კავშირზე იყვნენ. დიდი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს — როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას — რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ გვერდით იყვნენ, ვიდრე უკანასკნელი გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა დანიშნულების ადგილზე.

და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე გამოგვყვნენ და პირველივე წუთიდან მხარდაჭერასა და სიყვარულს გვაგრძნობინებდნენ. ძალიან გვიყვარხართ ყველა!

ყველას მთელი გულით გიხდით მადლობას“, — წერს კლუბი სოციალურ ქსელში.


26 ნოემბერს, ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“  შორის „ბათუმი არენაზე“ ჩატარდა. მატჩი დროებით შეჩერდა სტადიონზე არეულობის გამო. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. თურქმა გულშემატკივრებმა დაამტვრიეს სკამები და ის პოლიციელებს ესროლეს. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი. დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე ფანები.

ამავე თემაზე: