საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სადისციპლინო კომიტეტისგან ითხოვს სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნობილი 20 წლის ფეხბურთელი ქალის პირობით დისკვალიფიკაციას მომდევნო სეზონის მატჩებში და ამასთან, 24-თვიან საგამოცდო ვადას.
ფეხბურთის ფედერაცია ამავე სასჯელს, პირობით დისკვალიფიკაციას და 24- თვიან საგამოცდო ვადას ითხოვს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთისა“ და მისი ფეხბურთელებისთვის, რომელთა რიგებში 10 ფეხბურთელი ქალი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია. „ლანჩხუთმა“ დაზარალებული სპორტსმენისადმი სოლიდარობის ნიშნად, მის კლუბთან, „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშზე უარი თქვა, მხარდამჭერი ბანერი გაშალა და შემდეგ მოედანი დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი, თავად საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთისგან“ და გაუპატიურების საქმეში დაზარალებული ცნობილი ფეხბურთელი ქალის ადვოკატისგან.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქი ბიზნესმენი, მეჰმეთ უიარი, 22 სექტემბერს მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. განაჩენი დღეს, 27 ნოემბერს შეცვალა სააპელაციო სასამართლომ და პირველ ინსტანციაში გამართლებულ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მეჰმეთ უიარი არაერთი კომპანიის მფლობელია, მათ შორის ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოსი“ საქართველოში, სადაც დაზარალებული ქალი თამაშობს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ღიად და ხმამაღლა გამოხატული მხარდაჭერა დაზარალებული ფეხბურთელის მიმართ. მათ 29 სექტემბერს პროტესტის ნიშნად შეაჩერეს თამაში ბიზნესმენის კლუბთან და მოედანი დატოვეს. მათ გაშალეს ბანერი, წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“
კლუბმა სრული სოლიდარობა გამოუცხადა ძალადობის მსხვერპლს და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში მეტოქე გუნდთან თამაში, თითქოს არაფერი მომხდარა, გაუმართლებელი იყო.
„ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.
დაბოლოს, ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის, რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!” — განაცხადა მაშინ კლუბმა „ლანჩხუთმა“.
ამას და კიდევ ერთ მსგავს შემთხვევას მოჰყვა საფეხბურთო ფედერაციის მხრიდან სანქციების მოთხოვნა ქალთა ეროვნული ლიგის თამაშების ჩაშლის საბაბით, რასაც ლანჩხუთში არა მხოლოდ მორალური, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისითაც გაუმართლებლად და მიუღებლად თვლიან.
„ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, ჩემპიონატის მატჩის მიტოვებისა და გაგრძელებაზე უარის თქმისთვის გათვალისწინებულია მატჩში წაგების ჩათვლა და ფინანსური ჯარიმა. აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს არც კლუბის და, მით უმეტეს, არც ფეხბურთელების დისკვალიფიკაციას და არც 24 -თვიანი საგამოცდო ვადის დაწესებას.
მიუხედავად ამისა, ფედერაცია ცდილობს გამოიყენოს სრულიად სხვა დარღვევისთვის განკუთვნილი ნორმა და მოითხოვოს სანქცია, რომელსაც შესაბამისი მუხლი არ ითვალისწინებს“, — ნათქვამია საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ განცხადებაში.
კლუბის აღქმით, ფედერაცია ფეხბურთელებზე ზეწოლას ცდილობს.
„განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ნაცვლად ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა, ფედერაციის ძალისხმევა მიმართულია იმ კლუბისა და ფეხბურთელების დასჯისკენ, რომლებიც სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ.
იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ფედერაცია თავისი ქმედებებით ფაქტობრივად იცავს დარღვევებთან დაკავშირებული კლუბის ინტერესებს, ხოლო იმ კლუბის მიმართ, რომელიც ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობს, მკაცრი სადისციპლინო სანქციების გამოყენებას ცდილობს“, — ამბობენ ლანჩხუთში.
