ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე. მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე უკვე მუშაობენ და მას მალე მიიღებენ.
„აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი მომავალში, უახლოეს მომავალში დაინიცირდება პარლამენტში.
გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“, – თქვა კირცხალიამ.
კირცხალიამ დააზუსტა, რომ სუროგაცია სრულად იკრძალება. მისივე თქმით, 2023 წლის ვითარებასთან შედარებით, როდესაც სუროგაციის კომერციალიზაციაზეა საუბარი, დღეს რიცხვები კოლოსალურადაა გაზრდილი.
კირცხალია ამბობს, რომ 98%-ში საქართველოში ამ სერვისთ საქართველოს მოქალაქეები არ სარგებლობენ.
2023 წლის პარლამენტში წარდგენილი იყო კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ (№07-2/299/10). ცვლილებების მიხედვით, სუროგაცია დაშვებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, იკრძალებოდა კომერციული სუროგაცია. ეს კანონპროექტი მიღებული არაა.
