რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული განურჩეველი თავდასხმების საპასუხოდ, ევროკავშირის საბჭომ დღეს სანქციები დაუწესა 12 ფიზიკურ და 101 იურიდიულ პირს.

დღევანდელი სია მოიცავს თითქმის 50 რუსულ ბანკსა და ფინანსურ ინსტიტუტს, Wildberries-ის ერთადერთ აქციონერს ტატიანა კიმს და Ozon-ის აქციონერს ალექსანდრე ჩაჩავას.

ალექ­სან­დრე ჩა­ჩა­ვა 1979 წელს, თბილისში დაიბადა, თუმცა 14 წლიდან მოსკოვში ცხოვრობდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ის საცხოვრებლად კვიპროსში გადავიდა.

ევროკავშირის სანქციების პაკეტის თანახმად, ალექსანდრე ჩაჩავა არის რუსი მეწარმე, ვენჩურული კაპიტალის კომპანია Leta Capital-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.

„ალექსანდრე ჩაჩავა არის რუსული საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია O23-ის მფლობელი, რომელიც ფლობს ყველაზე დიდ წილს რუსეთის სიდიდით მეორე ელექტრონული კომერციის კომპანია Ozon-ში. Ozon ემსახურება რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგების ქსელს სამხედრო აღჭურვილობისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის გაყიდვის ხელშეწყობით. ალექსანდრე ჩაჩავა ასევე ფლობს წილს რუსეთის ფედერაციის უმსხვილეს IT კომპანია Yandex-ში. IT სექტორს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის. შესაბამისად, ალექსანდრე ჩაჩავა არის რუსეთში მოქმედი წამყვანი ბიზნესმენი და ბიზნესმენი, რომელიც ჩართულია ეკონომიკურ სექტორში, რომელიც შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს უზრუნველყოფს ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის. გარდა ამისა, ალექსანდრე ჩაჩავა მატერიალურად ან ფინანსურად მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და სარგებელს იღებს მისგან, მათ შორის სამხედრო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მიწოდებაში ჩართულობით“, — წერის სანქციების სიაში.