პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორს გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ასევე უკვე პატიმრობაში მყოფ ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანიას), შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძეს, დავით კაჭარავასა და ავთანდილ ბილანიშვილს (მეტსახელად კაწროს) ბრალი წარედგინათ.
პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები – ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი – სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში (გლდანის ციხე) შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის – „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები, ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
იმავე დღეს ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც 2026 წლის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს, ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარუდგინეს. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
13 ნოემბრის მდგომარეობით ბრალდებულები დაკავებულები არ არიან. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ კანონით დადგენილ ვადაში.
