რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, სომხეთი ბევრს დაკარგავს, თუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გასვლას გადაწყვეტს.

„შემდეგ უკვე სომხეთის გადასაწყვეტია, შეინარჩუნებს თუ არა ОДКБ-ში წევრობას. ვფიქრობ, თუ საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს, სომხეთი ბევრს დაკარგავს“, – განაცხადა მატვიენკომ ვიეტნამში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობები ბოლო წლებში გაუარესდა. ერევანი ОДКБ-ს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ორგანიზაციამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 2021-2022 წლებში განვითარებული მოვლენების დროს ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად სათანადო რეაგირება არ მოახდინა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2024 წლის თებერვალში განაცხადა, რომ ქვეყანამ ორგანიზაციაში მონაწილეობა ფაქტობრივად გაყინა. მას შემდეგ სომხეთი არ მონაწილეობს ОДКБ-ს ღონისძიებებში და აღარ იხდის საწევრო შენატანებს, თუმცა ორგანიზაციიდან ოფიციალურად არ გასულა.

5 ნოემბერს ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებას ОДКБ-ს მიმართ ინტერესი ამოწურული აქვს. მანამდე, ოქტომბრის ბოლოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმაც თქვა, რომ ერევანი ორგანიზაციაში დაბრუნებას არ აპირებს.

11 ნოემბერს მოსკოვში გამართულ ОДКБ-ს სამიტზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სომხეთს საწევრო შენატანების გადაუხდელობის გამო ხმის მიცემისა და ორგანიზაციაში კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის უფლება შეუჩერეს. ამასთან, ОДКБ-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სომხეთის ორგანიზაციიდან გარიცხვის საკითხი არ განხილულა.

10 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთს ОДКБ-დან გასვლის შესახებ ოფიციალური განაცხადი არ წარუდგენია და ორგანიზაცია მისთვის „კარს არ კეტავს“.