თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუსიკოს სოფიო ბათილაშვილის მიმართ დაიწყო.

სოფოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული მუსიკალური კლიპის გამო ედავებიან, რომელშიც შსს-ს შეფასებით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა.

საუბარია “ოლე ოლას” სიმღერაზე, რომლის მისეული ინტერპრეტაციაც სოფო ბათილაშვილმა სახლში/სტუდიაში ჩაწერა და ფეისბუკზე ვიდეოს სახით ატვირთა. ამ ამბის კონტექსტი ისაა, რომ აქციებზე ამ სიმღერის შესრულების გამო შსს-მ მოქალაქეების დაჯარიმება დაიწყო, ხოლო კორძის წინააღმდეგ განხორციელდა პროპაგანდისტული შეტევა.
შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომელსაც ოპონენტები “სქროლვა-სქრინვის სააგენტოს’ ეძახიან, სოფო ბათილაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 2026 წლის 22 ოქტომბერს შეადგინა. სოფოს ფულადი ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

დოკუმენტაციის მიხედვით, საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს, რაც განიმარტება როგორც საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და საზოგადოებრივი წესრიგის ან/და მოქალაქეთა სიმშვიდის დამრღვევი სხვა ამგვარი მოქმედება.

უწყების შიდა პატაკის თანახმად, საქმის მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალური ქსელის მომხმარებელმა, პროფილის სახელით „Tamara Tamara”, შსს-ს ოფიციალური გვერდი მონიშნა. შსს-ს ინსპექტორ თამარ რეზესიძის მიერ შედგენილი მტკიცებულების დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ვიდეოპოსტი ბათილაშვილის პირად გვერდზე 2026 წლის 8 ოქტომბერს არის განთავსებული.
საქმის მასალებში დართული მტკიცებულებების (სქრინშოტების) მიხედვით, პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: სოფო წერს, რომ „სიმღერის გამო სასამართლოში ხალხის დაბარება დაიწყეს“ და „ტექნიკურად, დღეს დაიწყო სხდომები“. იგი აღნიშნავს, რომ ეს სიმღერა მობეზრებული ჰქონდა, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, მას სიმბოლურად აზიარებს. სოფო სოლიდარობას უცხადებს “კორძს” და აღნიშნავს, რომ ადამიანების მიმართ მსგავსი მოპყრობა არანორმალურია.
“სიმღერის გამო სასამართლოში ხალხის დაბარება დაიწყეს. დიახ, სწორად კითხულობთ. ტექნიკურად, დღეს დაიწყო სხდომები. ჰოდა, რადგან 2026 წლის საქართველოში ადამიანებს ამ სიმღერის გამო, ვიმეორებ, სიმღერის გამო, ასამართლებთ, მე, რომელსაც ოლე ოლები კაი ხნის მობეზრებული მქონდა და რახანია წაღიღინების სურვილიც კი არ გამჩენია, აგერ, უცებ, ინებეთ. ვპოსტავ სიმბოლურად 22:00-ზე, მაშინ, როცა აქციაზე ჩემი თანამებრძოლები ამ სიმღერას ყურში ჩამკივიან ხოლმე. მინდოდა დამეწერა, მღერიან მეთქი, მაგრამ მერე ფრჩხილებში მომიწევდა მიმეთითებინა: “ავად თუ კარგად”, “რა დროსაც მე ყურსასმენებს ვიკეთებ”, ან რამე ეგეთი, და უნდა მეხარჯა ზედმეტი სიტყვები. მიხარია, რომ არ დავწერე. (ჩვენში დარჩეს, არ გამოვრიცხავ, მაგ ნიშნით შეედგინათ ზოგ-ზოგიერთებისთვის ოქმები, მაგრამ საინტერესოა, რომელი პოლიციელი გამომივიდა მარინა ბერიძე და მაგათ თავი ჯეოსტარში ხო არ ჰგონიათ?) ამ პოსტშივე გამოვუცხადებ სოლიდარობას კორძსაც და პოსტის მიწურულს დავწერ ამას: ვიცი, რამდენი რამეც განორმალურდა, ისიც ვიცი, როგორ გიპირისპირდებიან, თუ ხმას იღებ, მაგრამ უნდა შევიხსენოთ, რომ არაა ნორმალური როგორც ექცევიან ადამიანებს და რომ ჯერ ისევ გვაქვს ერთმანეთის ზურგი. სხვანაირად უბრალოდ აზრი არ აქვს და ოდესმე თქვენც აღმოჩნდებით იქ, სადაც მიხვდებით, რომ სხვანაირად აზრი არ აქვს”, – დაწერა სოფო ბათილაშვილმა.

საქმე, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციული საქმის მასალებს 10 ფურცლად და ორ მეხსიერების ბარათს, საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 21 ოქტომბერს გაეგზავნა. სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს წარმოადგენს პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მარიამ კერესელიძე, რომელზეც უწყების მიერ გაცემულია შესაბამისი რწმუნებულება.