ძმები ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებით, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გლდანის ციხის საკანში მისი შვილის, გიორგი ფეიქრიშვილის საცემად ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და სხვები არიან შესული.
როგორც ფეიქრიშვილების დედა „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, ეს ინფორმაცია იმავე წყარომ მიაწოდა, რომელმაც მანამდე მისი მეორე შვილის, დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ შეატყობინა.
„გზაში ვართ, გლდანისკენ მივდივართ. წყარომ, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწონა ინფორმაცია, ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრეს, „სასტავი“ არის შესულიო… არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან“, – განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.
ნინო აბრამიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს პენიტენციური სამსახური. უწყებაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და მასზე 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა ხორციელდება.
ამასთან, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ თუ ოჯახს სურვილი ექნება, ადვოკატს შეუძლია გიორგი ფეიქრიშვილი დღესვე მოინახულოს და დარწმუნდება, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
მანამდე, ძმები ფეიქრიშვილების დედამ და ადვოკატმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი ფეიქრიშვილის ტყუფის ცალი, დავით ფეიქრიშვილი გლდანის ციხის საკანში რამდენიმე პირმა სცემა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“). . ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა. დაზიანებების გამო დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივა მედში“ ორჯერ გადაიყვანეს.
ადვოკატმა ასევე თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც.
პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.
ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.
ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.
