შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისში დააკავეს ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი. უწყება ამბობს, რომ 2026 წლის 26 ივნისიდან ირანის მოქალაქეს შეუწყდა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და მას საქართველოში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

„უფლებები საქართველო“ აცხადებს, რომ ირანში გაძევების შემთხვევაში  რაჰიმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნება რეალური და მყისიერი საფრთხე. ორგანიზაცის ცნობითვე, დაკავებულ ირანელ აქტივისტს და მის მეუღლეს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც ქართულ სკოლაში სწავლობენ.

შსს ამბობს, რომ რაჰიმიანის მიმართ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. უწყება განმარტავს, რომ მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი საქართველოში 2022 წლის 22 აპრილს შემოვიდა და იმავე წლის 26 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართა.

„მიგრაციის დეპარტამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეისწავლა აღნიშნული პირის საქმე და 2024 წლის 16 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება პირმა სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სრულად გაიზიარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია და ძალაში დატოვეს მიღებული გადაწყვეტილება“, – ამბობს შსს.
კანონის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო ქვეყანაში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. შსს ამბობს, რომ აღნიშნულმა პირმა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა და საქართველოს ტერიტორია არ დატოვა.
„შესაბამისად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი დაკავებულ იქნა და მოთავსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები“, – ამბობს შსს.
უწყება განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო როგორც წარმოშობის ქვეყნის, ისე მესამე ქვეყნის მიმართულებით.
„უფლებები საქართველო“ მოუწოდეს სახელმწიფო ორგანოებს, „იმოქმედონ არგაძევების პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.