გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში საქართველოს დაბრუნებასაც მოიაზრებს, სადაც ამჟამად, მინისტრის თქმით, დიდ აქტივობას ხედავენ.

„არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ პუტინმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთხელ თქვა: მისთვის მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. გერმანელისთვის ეს გასაკვირია, რადგან ეს ნამდვილად არ ყოფილა მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა. მაგრამ თუ ასე მივიღებთ – თუ ეს უდიდესი კატასტროფა იყო, მას [პუტინს], სავარაუდოდ, მისი გამოსწორება სურს. ეს ნიშნავს, რომ აშკარად არსებობს პრეტენზია, იდეა, წარმოდგენა იმისა, რომ აღადგინოს ის, რაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი იყო.

ამაში შედის უკრაინა, ამაში შედის ახლა საქართველოც, სადაც დიდ აქტიურობას ვადევნებთ თვალს. ამაში შედის მოლდოვაში ვითარების არევა და, რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთიც კვლავ შევიდოდა. ეს უკანასკნელნი ახლა ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.