გიორგი დავითაძის მამა მსჯავრდებულის მიერ „გაურკვეველი საგნის“ გადაყლაპვის შესახებ პენიტენციური სამსახურის განცხადებას ეხმაურება და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ფორმულასთან“ საუბრისას მან გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა გიორგი დავითაძეზე ციხეში ზეწოლა გრძელდება.
დედა, ირმა დავითაძე ამბობს, უკვე მივიდა ციხესთან და დარეკა სახალხო დამცველის აპარატში. ირმა დავითაძე ითხოვს წარმომადგენლის ადგილზე მისვლას.
„რადგან ასეთი პროტესტი აქვს ჩემს შვილს, ესე იგი, კიდევ გრძელდება ეს ზეწოლები ალბათ ციხეში და კიდევ მიდის ალბათ შეურაცხყოფები. გამოვიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი დღეს დაგვირეკა: რომ ძალიან ბრძოლისუნარიანია, მზადაა გაგრძელოს ბრძოლა და ახლა ვიგებთ ასეთ ინფორმაციებს. ესე იგი, ისევ და ისევ რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლები ხდება მასზე. […]
მივმართავ სახალხო დამცველს, უზრუნველყოს და დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები, გადაყვანილ იქნას ჩემი შვილი „ვივამედში“, რომ დაცული იყოს ჩემი შვილის ჯანმრთელობა. მე არ ვიცი ხვალ და ზეგ ციხეში რა მდგომარეობა ექნება. კატეგორიულად მოვითხოვ. შევიდეს სახალხო დამცველი, გაარკვიოს და გამოიტანოს ამბავი და უზრუნველყოს ჩემი შვილის ჯანმრთელობის დაცვა… მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ამ ხელისუფლებას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს“, – ამბობს გიორგი დავითაძის მამა „ფორმულასთან“.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 4 ოქტომბერს 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ეს გააკეთა ციხის თანამშრომლის თვალწინ, „დემონსტრაციულად“. უწყება აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით მას „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა.
