მასალა განახლებულია
დღეს თბილისის 61-ე ბაღის ბავშვების მშობლებს დირექტორი, მუნიციპალური ლაბორატორიისა და ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ.
როგორც მშობლები ამბობენ, საბოლოო პასუხი ჯერ ისევ არ აქვთ, დაიხურება თუ არა ბაღი. თუ დაიხურება, როდის. ასევე, სად გადავლენ ბავშვები. მათი პოზიციაა, რომ არ დათანხმდებიან ბავშვების სხვა ბაღებში გადაყვანას.
„ვითხოვთ მშობლები ზუსტ პასუხს, საშიშროებას წარმოადგენს თუ არა ეს შენობა. გასაუბრებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ პასუხი არ გვაქვს“, – ამბობს მშობელი თამუნა ლიპარტელიანმა.
შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ ჩერდება, თუმცა „ნეტგაზეთს“ მშობლები ეუბნებიან, რომ გუშინ მათთან განსხვავებული ინფორმაცია გახმიანდა – კერძოდ, დღის მეორე ნახევარში მიიღეს შეტყობინება, რომ 5 ოქტომბრიდან შენობა უნდა დაცლილიყო და ბავშვები მე-60 და 59-ე ბაღებში უნდა გადაენაწილებინათ.
„რომ ავტეხეთ მშობლებმა ამბავი და პროტესტი გამოვთქვით, იმ საღამოსვე დარეკა დირექტორმა ერთ-ერთ მშობელთან და ასეთი ინფორმაცია უთხრა, რომ აღარ იკეტება ბაღი, თურმე აღარ არის ავარიული. ჩვენც ძალიან დაბნეულები ვართ, უკვე ვეღარ გავიგეთ, რა გზა მოვნახოთ… დასკვნა მოვთხოვეთ გუშინვე დირექტორს, თუმცა დასკვნა ვერ გვაჩვენა, რადგან არ არსებობს დასკვნა, ახლა ატარებენ კიდევ ექსპერტიზას“, – ამბობს მშობელი, თინათინ რაზმაძე.
დღეს ადგილზე მისულმა ლაბორატორიის ინჟინრებმა მედიასთან მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთეს:
„დამევალა შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა. ვასრულებ ჩემს სამუშაოს… შენობის ტექნიკურ მდგომარეობას ვიკვლევთ“, – თქვა ლაბორატორიის წარმომადგენელმა.
როგორც მშობლები ამბობენ, ლაბორატორიიდან პასუხი დღეს ან მაქსიმუმ ორშაბათს უნდა მიიღონ, რის მიხედვითაც გადაწყდება, როგორ იმოქმედებს ბაღი.
„ორშაბათისთვის მაქსიმუმ გვეცოდინება პასუხი, ერთი ფლიგელი ან ზოგადად მთელი ბაღი რა მდგომარეობაშია და ამის მიხედვით, თუ ერთი ფლიგელია ავარიული, დროებით მეორეში გადავალთ, სანამ გაამაგრებენ. მშობლები არ ვართ თანახმა, რომ სხვა ბაღში გადაგვანაწილონ, ალტერნატიულ ფართს მოვითხოვთ აუცილებლად“, – ამბობს თინათინ რაზმაძე.
მედიასთან კომენტარი არ გააკეთა ბაღის დირექტორმა, ანა თინიკაშვილმა. მან გუშინ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ თავადაც ელოდებოდა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას.
განახლება:
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ბაღების მართვის სააგენტოს. უწყებაში გვითხრეს, რომ თბილისის N61 საბავშვო ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.
„საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პირველად 2018 წელს, მეორედ კი 2023 წელს მოამზადა. დოკუმენტის მიხედვით, N61 ბაღის შენობის ექსპლუატაცია შესაძლებელი იყო, თუმცა უნდა გაგრძელებულიყო დაკვირვება და ამ მიზნით შიდა სივრცეებში გაიკრა თაბაშირის ყალაურები.30 სექტემბერს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ შენობის გარკვეულ ადგილებზე ბზარები გაზრდილია, რის შემდეგაც სააგენტომ მყისიერად მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საკითხის შესწავლის მოთხოვნით, თუმცა, რამდენადაც ექსპერტიზა ხანგრძლივ სამუშაოს მოიცავს, სააგენტომ პარალელურად მოიწვია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს შენობის მდგომარეობა. ლაბორატორიის ექსპერტების შეფასების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერდება შენობის ერთი ფლიგელის ექსპლუატაცია, დარჩენილ ნაწილში კი ორშაბათიდან გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესი. ამავდროულად, დაიგეგმება და განხორციელდება ბაღის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო.პარალელურად, სააგენტო დაელოდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელსაც დაეფუძნება სააგენტოს შემდგომი რეაგირება“, – ამბობს სააგენტო.
