The Insider-ის ცნობით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია, დეპორტაცია და გაძევება, სანამ კომიტეტი მის საჩივარს განიხილავს. კომიტეტის წერილი, გამოცემის ცნობით, 29 სექტემბრით თარიღდება.

კომიტეტმა დაადგინა დროებითი ზომების გამოყენება: საქართველომ თავი უნდა შეიკავოს ტიმოფეევის რუსეთში „ექსტრადიციის, დეპორტაციის, გაძევების ან სხვა სახით დაბრუნებისგან“, სანამ მისი მიმართვა განხილვის პროცესშია.

გამოცემა განმარტავს, რომ ფორმალურად წერილში ეს ჩამოყალიბებულია, როგორც თხოვნა სახელმწიფოსადმი, თუმცა თავად კომიტეტის წესები ითვალისწინებს, რომ დროებითი ზომების შეუსრულებლობა შეუთავსებელია სახელმწიფოს მოვალეობასთან, კეთილსინდისიერად დაიცვას ინდივიდუალური შეტყობინებების პროცედურა.

„ახლა საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მიხეილ ტიმოფეევი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლონ, რადგან იგი დაპატიმრებული იყო ექსტრადიციის უზრუნველსაყოფად. ხოლო ის შეუძლებელი იქნება უახლოეს წლებში ადამიანის უფლებათა კომიტეტში მისი საქმის რეგისტრაციის გამო. ამას დასჭირდება გარკვეული დრო: დღეები, ერთი კვირა, შეიძლება ორი კვირა, სანამ გათავისუფლების ეს საკითხი შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ გადაწყდება. პრაქტიკა საქართველოში დადებითია, მე არ ვიცი შემთხვევები, როდესაც საქართველოს არ შეუსრულებია ადამიანის უფლებათა კომიტეტის ან გაეროს სხვა სახელშეკრულებო ორგანოების დროებითი ზომები. ვფიქრობ, საქართველო ამ საქმეშიც შეასრულებს ამ დროებით ზომებს“, – ამბობს იურისტი და უფლებადამცველი რომან კისლიაკი The Insider-თან საუბარში.

გაეროს კომიტეტმა საქართველოს ასევე განუსაზღვრა ვადა 2027 წლის 29 მარტამდე, რათა წარადგინოს საკუთარი პოზიცია ტიმოფეევის საჩივრის დასაშვებობასა და საქმის არსებით მხარეზე.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს კითხვით, შეასრულებენ თუ არა დროებით ღონისძიებას. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო კითხვას უპასუხებს, მასალა განახლდება.


4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიციის შესახებ. მისმა ადვოკატმა რუსუდან მჭედლიშვილმა The Insider-თან საუბარში განაცხადა, რომ დაცვის მხარე აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას, რათა არ დაუშვას გადაცემა.

მიხაილ ტიმოფეევი ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის თანაშემწე იყო. საქართველოში 2024 წლის მარტიდან ცხოვრობდა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის საფუძველზე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა საქართველოსგან უარი მიიღო.

ტიმოფეევი საქართველოში 2026 წლის იანვარში დააკავეს. რუსეთის ხელისუფლება ტიმოფეევს ბრალს დებს 2004–2005 წლებში მეწარმეების მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებში მონაწილეობაში. იხილეთ: