რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებს რუსეთიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში, ასევე აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში, 1 მილიონ რუბლზე [დაახლოებით, 12 ათასი აშშ დოლარი] მეტი ნაღდი რუსული ვალუტის გატანა ეკრძალებათ.

ბრძანებულების თანახმად, იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს ამ ქვეყნებში ნაღდი რუსული ვალუტის გატანა თანხის ოდენობის მიუხედავად ეკრძალებათ.

გამონაკლისი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ თანხის გატანა რუსეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული საერთაშორისო აეროპორტების გავლით ხდება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა საბანკო ამონაწერი, რომელიც დაადასტურებს, რომ ნაღდი ფული იმ პირის, კომპანიის ან ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშიდანაა მოხსნილი, რომელსაც თანხა გააქვს.

ბრძანებულება ასევე ითვალისწინებს, რომ აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში ნაღდი ფული ჩამოერთმევა: იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს – სრულად, ფიზიკურ პირებს კი – მხოლოდ 1 მილიონ რუბლზე მეტი ოდენობით.

ახალი შეზღუდვა ცვლის მანამდე მოქმედ წესს. 2026 წლის აპრილიდან ფიზიკურ პირებს EAEU-ის ქვეყნებში 100 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტზე მეტი ნაღდი რუბლის გატანა ეკრძალებოდათ, ხოლო აზერბაიჯანზე, ტაჯიკეთსა და უზბეკეთზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდებოდა.

შეზღუდვის ზუსტი მიზეზი რუსეთის ხელისუფლებას არ განუმარტავს. თუმცა აზერბაიჯანს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს რუსეთთან აქტიური ვაჭრობა და დიდი რაოდენობით მიგრანტების ფულადი გზავნილები აკავშირებთ. შესაბამისად, შესაძლოა, რუსეთი ცდილობდეს ამ ქვეყნებში დიდი ოდენობით ნაღდი რუბლის საბანკო სისტემის გვერდის ავლით გატანის კონტროლს.