„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ ოქტომბერს, „რიყის დოქებთან“ აქციის ჩატარებაზე უარი უთხრათ, მიუხედავად ამისა, მაინც შეიკრიბებიან.

ამის შესახებ ენმ-ის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ შსს-გან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5 წლის თავზე, მისი თავისუფლების მოთხოვნით აქცია ჩატარდეს და თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნა შსს-ს და მერიას. ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერია. რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე, ჩვენ აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახების, გაძარცვის სიმბოლოდ. ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს სააკაშვილის პატიმრობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლების მნიშვნელობას, მის ისტორიულ წვლილს და ანტიქართული რეჟიმის მოშორების აუცილებლობას, კვლავინდებურად გეპატიჟებით, მიუხედავად ტექნიკური დაბრკოლებისა, რომლის შექმნასაც ივანიშვილის რეჟიმი შეეცდება“, — განაცხადა ფავლენიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პირველ ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის პარკში დაანონსებული აქვს აქცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.