აფხაზურ Telegram-არხ „ЧП АБХАЗИЯ“-ზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტყვარჩელის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 8 სექტემბერს რუსეთის მოქალაქე, რუსეთიდან მივლინებული ექიმი სცემეს.

არხის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ექიმი პაციენტის, გვარად დოჩიას რეგისტრაციას ახორციელებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმს პაციენტის ნათესავი, მოქალაქე ა. ხარჩილავა დაესხა თავს და მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. არხი წერს, რომ ექიმი თავდასხმის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

„ЧП АБХАЗИЯ“ ასევე აღნიშნავს, რომ შემთხვევიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა თავდამსხმელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამასთან, აქამდე გავრცელებული აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში დაწესებულებაში რუსეთის ფედერაციიდან სამი ექიმი დასაქმდა – ქირურგი ნიჟნი ნოვგოროდიდან, პედიატრი სარატოვიდან და ციტოლოგი მოსკოვიდან.