ბელარუსის მოქალაქე ლევ მიხეევი, რომელიც 25 სექტემბრის დილას საქართველოში დააკავეს, სომხეთის საზღვარზე გადაიყვანეს და ახლა სომხეთის მხარეს იმყოფება, სადაც ის ასევე დააკავეს, რადგან მას ბელარუსის ხელისუფლება ეძებს. ამის შესახებ გამოცემა დამოუკიდებელ ბელარუსულ გამოცემა „პოზირკს“ თავად პოლიტიკურმა დევნილმა განუცხადა, რომელიც საქართველოში თავშესაფარს 2021 წლიდან ელოდებოდა.
„დღეს [საქართველოში] ვცადე ID-ბარათის შეცვლის სტანდარტული პროცედურის გავლა. ამაზე წინასწარ ვიზრუნე და პროცედურა თითქმის ერთი თვის წინ დავიწყე. მივედი მიგრაციის დეპარტამენტში (სოფელ მარტყოფში, ქვეყნის დედაქალაქ თბილისიდან დაახლოებით 30 კმ-ში) და დავწერე განცხადება. მათ მიიღეს ის ფოტოსთან ერთად და მითხრეს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ორ კვირაში დავბრუნებულიყავი, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე“, — განაცხადა მიხეევმა.
როდესაც ორი კვირა გავიდა, ის ისევ მივიდა, მაგრამ სცენარი მოულოდნელი აღმოჩნდა: „შემიყვანეს, სკამზე დამსვეს და დიდი ხნის განმავლობაში არაფერი ხდებოდა. ბოლოს თანამშრომლები გამოჩნდნენ და მითხრეს, რომ მათთან ერთად თბილისში უნდა წავსულიყავი გასაუბრებაზე.“
„მაშინვე მანქანაში ჩამსვეს. ძლივს მოვასწარი [უფლებადამცველ] რომან [კისლიაკისთვის] მოკლე შეტყობინების გაგზავნა, როცა ტელეფონი წამართვეს. იმ მომენტიდან პრაქტიკულად დაკავებულის სტატუსში ვიმყოფებოდი“, — აღნიშნა ბელარუსმა.
მან აღნიშნა, რომ თბილისში, ოფისში, დაახლოებით ორი საათი გააჩერეს: თარჯიმანს ელოდებოდნენ. „ჩემს საკითხთან დაკავშირებით საქმის მმართველი გამოჩნდა და მითხრა, რომ არალეგალი ვიყავი, რომ ჩემს დოკუმენტს, ჩემს ID-ბარათს, რომელსაც ვადა ჯერ კიდევ არ ჰქონდა გასული, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა“, — ასე აღწერა სიტუაცია აქტივისტმა “პოზირკთან” საუბარში.
გამოცემის ცნობით, მიხეევს ორი ვარიანტი შესთავაზეს: საქართველოდან „ბორკილებით გაგდება“ ან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება ისე, რომ თავად აერჩია, სად წავიდოდა, თუნდაც ბელარუსში. “პოზირკის” თანახმად, მან სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, რადგან „თავშესაფარი სწორედ იმიტომ ითხოვა, რომ სამშობლოში დევნიდნენ“. “აქტივისტმა ცოტა დრო ითხოვა, თუნდაც დროებითი პირადობის მოწმობის ვადის ამოწურვამდე (9 ოქტომბერი), მაგრამ ქართველმა ძალოვანებმა უარი უთხრეს”.
„კაბინეტიდან კაბინეტში მატარებდნენ. ექიმი მოვიდა, საცვლების ამარა გამხადა… ეს საშინელება იყო. შემდეგ სახლში წავედით, რამდენიმე ნივთი შევაგროვე, დეპარტამენტში წავედით. მერე ფურგონით მომიყვანეს აქ (საზღვარზე) და გარეთ გამაგდეს“, — თქვა ბელარუსმა.
მიხეევის თქმით, სომხეთი მან თავად აირჩია. ასევე ის ირწმუნება, რომ დეპორტაციის სასამართლო პროცესი არ გამართულა, ის „აიძულეს, ხელი მოეწერა ბევრი ქაღალდისთვის“ ქართულ ენაზე, რომელთა მნიშვნელობაც არ ესმოდა. „მივხვდი, რომ მათთან რამეზე კამათი რთულია. ჯანდაბას, იყოს სომხეთი. და პროცესიც დატრიალდა“, — განმარტა მიხეევმა.
ის სომხეთის საზღვარზე დააკავეს, რადგან მინსკის მოთხოვნით დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფოთაშორის ძებნილთა ბაზაში იმყოფება. გამოცემის თანახმად, ერევანი, რომელმაც ევროკავშირთან დაახლოების კურსი აიღო, პოლიტიკური მოტივით დევნილ პირებს არ გასცემს.
ბელარუსმა უფლებადამცველმა რომან კისლიაკმა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რამდენიმე წელია საერთაშორისო დაცვის მოპოვებას ცდილობს, „პოზირკს“ განუცხადა, რომ მთელი დღე ცდილობდა საქართველოს ხელისუფლებისგან მიხეევის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიღებას. ამისათვის მან მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა, ხოლო როდესაც ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრეს, პოლიციას დაუკავშირდა.
„დავრეკე 112-ში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში და ვაცნობე, რომ ადამიანი გაუჩინარდა. კრიმინალური პოლიციიდან დამიკავშირდნენ, მისი საბუთები ითხოვეს და ძებნა დაიწყეს. შესაძლოა, ამან დააჩქარა კიდეც მისი დეპორტაციის პროცესი, რადგან სწორედ იმ დროს დაიწყეს მისი საკნიდან საკანში გადაყვანა. ჩვენ ეს არ ვიცოდით“, — აღნიშნა კისლიაკმა.
„სანამ ჩვენ ლევს ვეძებდით, ის იზოლაციაში, გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე ჰყავდათ. ეს, ფაქტობრივად, იძულებითი გაუჩინარება იყო. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ის აბსოლუტურად უუფლებო მდგომარეობაში იყო. მას არ მიეცა შესაძლებლობა დაჰკავშირებოდა ადვოკატებს ან მიეღო სამართლებრივი დაცვა, ის იძულებით გააძევეს“, — აღნიშნა უფლებადამცველმა.
მისი ინფორმაციით, მხოლოდ ახლა გაირკვა, რომ ჯერ კიდევ ივლისში სააპელაციო სასამართლომ მიხეევის საქმეზე მიიღო გარკვეული გადაწყვეტილება, შესაძლოა, დეპორტაციის შესახებაც.
„ჩვენ არ გვინახავს არანაირი გადაწყვეტილება და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გამოვიძიებთ. სამწუხაროდ, საქართველო კიდევ უფრო უუფლებო სახელმწიფოდ იქცევა, ვიდრე ადრე იყო“, — განაცხადა კისლიაკმა.
“საქართველომ, რომელსაც 2012 წლიდან პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ მართავს, ბელარუსის მოქალაქეების არცერთი თხოვნა თავშესაფრის მინიჭების შესახებ არ დააკმაყოფილა. 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყნიდან 24 ბელარუსის დეპორტაცია განხორციელდა. სავარაუდო მიზეზებია: ქვეყანაში ყოფნის ვადის გადაცილება (არაუმეტეს 365 დღისა გადაბმულად), ვადაგასული პასპორტი (მისი შეცვლა საელჩოში შეუძლებელია ალექსანდრე ლუკაშენკოს 2023 წლის 4 სექტემბრის დისკრიმინაციული განკარგულების გამო) და დანაშაულის ჩადენა. მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოდან სომხეთში პირველად განხორციელდა ბელარუსი ყოფილი პოლიტპატიმრის (სახელი არ სახელდება) დეპორტაცია”, – წერს “პოზირკი”.
“ნეტგაზეთმა” მიგრაციის დეპარტამენტთან ინფორმაციის გადასამოწმებლად დაკავშირება ჯერ კიდევ გუშინ სცადა, თუმცა უშედეგოდ. მათგან დამატებით სხვა დეტალების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
