კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა გუშინ, 21 სექტემბერს „დეზერტირების ბაზართან“ მოვაჭრეების მიერ გამართულ აქციას.
კალაძე განმარტავს, რომ ე.წ. დეზერტირების ბაზარი არის კერძო საკუთრება და არა მუნიციპალიტეტის. მისი თქმით, მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს „ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება“.
„მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს და დააზარალოს იქ დასაქმებული ადამიანები. ნებართვა ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებაზე არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას“, – თქვა კალაძემ.
კახა კალაძემ „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართა, რომ უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად:
„მივმართავთ ბაზრის ადმინისტრაციას – უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან ვიცე-მერს, გიორგი ტყემალაძეს დაავალა, პროცესში ჩაერთოს.
კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ადგილზე დასაქმებულები რეაბილიტაციის პერიოდში სამუშაოს გარეშე არ დარჩნენ.
