„ქართველმა მოხალისეებმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, რუს სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელობის დანაყოფისა და ნევსკის ბრიგადის შემადგენლობაში არიან, მოტოციკლები და სამლოცველო ოთახები გადასცეს“, — იუწყება რუსულია მედია ბესიკ დანელიაზე დაყრდნობით.
ინფორმაცია რუსულ მედიასაშუალებას მიაწოდა თავად ბესიკ დანელიამ, რომელსაც РИА Новости-ს ქართველ „საზოგადო მოღვაწედ“ მოიხსენიებს.
„ჩამოვედით დონეცკის რესპუბლიკაში ჩვენს ძმებთან, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე სამშობლოს იცავენ. მებრძოლებს ჰუმანიტარული დახმარება ჩამოვუტანეთ, რომელიც, ვფიქრობთ, მათ დაეხმარება“, — განაცხადა დანელიამ.
მისი თქმით, თითოეულ დანაყოფს გადაეცა მოტოციკლები და თითო სამლოცველო ოთახი.
„ჩვენთან ჩამოვიდა ქართული დელეგაცია, რომელმაც ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა. ისინი ამას ღიად აკეთებენ. ისინი ამაყობენ იმით, რომ აირჩიეს საკუთარი მხარე აირჩიეს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“, — განაცხადა ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სახალხო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კრამარმა.
მისივე თქმით, უცხოური დელეგაციების დონბასის ტერიტორიაზე ვიზიტების წყალობით „სახალხო დიპლომატია და ხალხთაშორისი კავშირები კვლავაც გრძელდება და მომავალზეა ორიენტირებული“.
რუსული მედიიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ დანელია ასევე ეწვია დონეცკის ტაძარს გადასცა „წმინდა დიდმოწამე გიორგი გამარჯვებულის ხატი, რომელშიც მისი წმინდა ნაწილების ნაწილაკია მოთავსებული“. მისი თქმით, „საჩუქარი სიმბოლურად გამოხატავს იმ ადამიანთა ურყევ სულიერ სიახლოვეს, რომლებსაც დონბასთან საერთო რწმენა, ისტორიული მეხსიერება და მისი ბედისადმი გულწრფელი თანადგომა აკავშირებთ“.
შეხვედრა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ბატალიონთან
დონეცკის მიმართულებით, რუსეთის მხარეს მებრძოლი, ქართველი ბერ გაბრიელ ურგებაძის სახელობის ბატალიონის შექმნის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ არხებით მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა.
ბესიკ (ბესო) დანელია წარსულში ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი იყო. ბოლო პერიოდში სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი მას როგორც უფლებადამცველს აშუქებდნენ. ბესო დანელია მიწვეული იყო წულუკიანის კომისიის სხდომაზე, სადაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ერთ დღეს 900-მდე ადამიანი დააპატიმრეს“.
განახლება:
საქართველოს საპატრიარქო გაემიჯნა დონბასში, რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონისთვის წმინდანად შერაცხული ქართველი ბერის, გაბრიელის (ურგებაძე) სახელის დარქმევას.
„უპირველესად აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან იღუპება მართლმადიდებელი მოსახლეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვლოცულობთ და შევთხოვთ წმინდანებს, მათი მეოხებით უფალმა მშვიდობა მიმადლოს უკრაინას, რუსეთსა და მთელ მსოფლიოს.
ასეთ დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის ან მისი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად მოულოდნელად გაუგონარი ფაქტის წინაშე დავდექით. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება, წმინდა მამის ღვაწლი და ცხოვრება ხომ სრულად მიძღვნილი იყო უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს რწმენისადმი, ადამიანთა შორის სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ქადაგებისადმი. შეშფოთებასა და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს. ჩანს, ამ ინიციატივის ავტორები ცუდად იცნობენ წმინდა გაბრიელის ცხოვრებას. ამ ფონზე აღნიშნული ქმედება აღიქმება, როგორც მიკერძოებული სპეკულაცია ეკლესიის სახელით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს“, — აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ანდრია ჯაღმაიძის კომენტარს „საპატრიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს.