„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილი ამბობს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლა და ჩვენებაც მისცა, მაგრამ ირწმუნება, რომ პოლიციაში საჩივარი მას არ შეუტანია, და რომ გამოძიება ცხოველთა დამცველის წინააღმდეგ შსს-მ საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ 30 აგვისტოს, ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილთან „სიტყვიერი კონფლიქტი“ მოუვიდა, ხოლო მისი მეგობრები „ვითარების განმუხტვის მიზნით“ ჩაერთნენ ინციდენტში.

კუჭაშვილის თქმით, ელიზბარაშვილმა კონფლიქტში ჩართულ პირებს უთხრა – ,,ამას ასე არ დავტოვებ, ნახევარ საათში დავბრუნდები და ყველანი აქ დამხვდითო“.

პროკურატურის მტკიცებით, დაზარალებულებმა ვითარების მეტად გამწვავების თავიდან ასარიდებლად რესტორნის ტერიტორია დატოვეს, თუმცა ზოგმა ეს ვერ მოასწრო.

რას ჰყვება შაკო კუჭაშვილი:

„30 აგვისტოს, რესტორან „სხვაში“, თამაზ ელიზბარაშვილთან სიტყვიერი კონფლიქტი მომივიდა, ვინაიდან ამ ადამიანს წარსულში ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებზე შეურაცხმყოფელი კომენტარი ჰქონდა დაწერილი. ინციდენტში, ვითარების განმუხტვის მიზნით, ჩემი მეგობრებიც ჩაერთნენ. შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს – არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია.

ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მითუმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნების გამო ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა.

თუმცა, ელიზბარაშვილი მომენტალურად გახდა აგრესიული და გვითხრა, – ,,ამას ასე არ დავტოვებ, ნახევარ საათში დავბრუნდები და ყველანი აქ დამხვდითო“ და მართლაც, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა.

ამ ფაქტის შესახებ გაიგო მთელმა რესტორანმა, მათ შორის, რესტორნის დაცვის სამსახურმაც, რომელიც, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იარაღით მისულ ელიზბარაშვილს რესტორანში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.

მტკნარი სიცრუეა, ელიზბარაშვილის, მისი ახლობლების და მხარდამჭერი მედიების მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული. არც მე და ინციდენტში მონაწილე არც ერთ ჩემს მეგობარს პოლიციაში არავითარი საჩივარი არ შეუტანია.

ჩვენ საქმის აღძვრის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც სამართალდამცავი ორგანოდან დაგვიკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაგვიბარეს. ჩვენ, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, გამოძიებას მივეცით ჩვენება რესტორანში მომხდარის შესახებ. სამართლებრივ სახელმწიფოში, ხალხმრავალ ადგილას, იარაღით გადაადგილების აღკვეთას არანაირი „ჩივილი“ არ სჭირდება“.

რას ამბობს პროკურატურა

ბიზნესმენ და ცხოველთა დამცველ თამაზ ელიზბარაშვილს სამართალდამცველებმა ბრალდება ოფიციალურად 3 სექტემბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი მუქარას ედავება.

უწყება ამბობს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი რესტორანში „მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა “, იყო შეიარაღებული, ცდილობდა დაწესებულებაში შეჭრას, „ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში“ და აგრძელებდა „მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით“.

„დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

რას ამბობს ელიზბარაშვილის ადვოკატი

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილი თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს. ადვოკატმა თქვა, რომ საქმეში სულ შვიდი დაზარალებული კაცი ფიგურირებს. 

რაც შეეხება იარაღს ადვოკატის განმარტებით, ამ ეტაპზე იარაღის უკანონო ფლობასთან დაკავშირებით ბრალი წარდგენილი არ არის.

მისივე თქმით, ერთადერთი იარაღი, რომელიც ელიზბარაშვილის საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკისას იქნა ამოღებული, კანონიერად არის რეგისტრირებული მის სახელზე და ამჟამად გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

„ბატონი თამაზი ბრალს არ ეთანხმება და მისი ვერსია მომხდართან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებულია. ინციდენტის დროს მან საკუთარი ცოლ-შვილი მომავალ დაძაბულობას აარიდა და სახლში დატოვა, რის შემდეგაც დაბრუნდა, რომ თუ რაიმე შეკითხვები ჰქონდათ მისთვის, დაესვათ, ვინაიდან სხვა დროსაც არ მომხდარიყო რაიმე სახის დაძაბულობა. იქ აღარავინ დახვდა,“ — აცხადებს ადვოკატი.