პროკურატურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხავენ მას, ასევე სხვა პირებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.
უწყება ამბობს, რომ გამოიკითხებიან: ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური; ირაკლი ღარიბაშვილი.
„2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი“, – წერია განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მიაწვდიან ინფორმაციას.
რას ამბობენ გამოსაკითხთა სიაში მოხვედრილები
გამოკითხულთა სიაში მოხვედრილი რამდენიმე პირი უკვე გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას.
„ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ ლაზარე ჯორბენაძის სახელი და გვარი პირველად ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გაიგო.
„აბსურდია, თქვენ ეთერში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებაა, რომელიც იყო ყოფილი პრემიერის, ციხეში ჩაგდებული ირაკლი ღარიბაშვილის Facebook პოსტის უბრალოდ ანალიზი“, – უთხრა მან „ტვ პირველს“.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიაც ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე და მის Facebook პოსტში ციტატა ეწერა ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან.
„დამკითხავენ და ვუპასუხებ რაც წერია იმაზე“, – ამბობს გვარამია „ტვ პირველთან“.
ნანუკა ჟორჟოლიანი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ არ აპირებს პროკურატურაში მისვლას და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
„არ მგონია მე სწორად ვიყო შერჩეული გამოსაკითხ პირთა წრეში, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შეკითხვები ღარიბაშვილმა დაუსვა მდინარაძე-კობახიძეს. უნდა დაიკითხოს ის ხალხი, ვინც „ასავალ-დასავალი“ შეუგზავნა ღარიბაშვილს და ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუზე ურჩევდნენ საქმეს, იდგა თუ არა ღარიბაშვილი ამ ინტერვიუს უკან. ეს ხალხი უნდა დაიკითხოს პირველ რიგში“, – ამბობს ირმა ინაშვილი „ტვ პირველთან“.
„მაქვს კითხვა, რასაც საჯაროდ ვსვამ, როგორ მოხდა, რომ აღმსარებელმა და მაზიარებელმა ადამიანმა მოიკლა თავი. თუ ამ კითხვის დასასმელად მივდივარ პროკურატურაში, კი ბატონო, მივალ“, – თქვა ინაშვილმა.
ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
ლაზარე ჯორბენაძე „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო. 2026 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთ ნომერში ის წერდა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.
ამას შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის წინააღმდეგ სოცქსელებში გარკვეული კამპანია აგორდა. მას ცილისმწამებელს უწოდებდნენ.
მან კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა „ასავალ-დასავალს“, სადაც ამბობდა, რომ უკან არ იხევდა და კვლავ ადასტურებდა მის მიერ ირაკლი კობახიძეზე გავრცელებული ცნობის ნამდვილობას. ის ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტი ნანახი ჰქონდა.
გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა და ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელიც ჯორბენაძის ინტერვიუერი იყო, განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.
ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ მეხუთე წერილში თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“
