ევროკავშირის საბჭო სომხური პროდუქციისთვის დროებითი სავაჭრო ლიბერალიზაციის ზომებზე შეთანხმდა, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთის ეკონომიკას რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების შემდეგ.
ეს ზომები გააუქმებს საბაჟო გადასახადებს ევროკავშირში სომხური ექსპორტის დაახლოებით 80%-ზე. შეღავათიანი შეთანხმება მოიცავს გარკვეულ პირობებს და ასევე ითვალისწინებს დამცავ ზომებს ევროკავშირის ბაზრის დასაცავად, თუკი იმპორტი უარყოფით გავლენას მოახდენს ევროკავშირის მწარმოებლებზე.
„ევროპა დგას სომხეთისა და მისი ხალხის გვერდით, რომლებმაც აირჩიეს რეფორმებისა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო გზა. ჩვენ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს და მხარში დავუდგებით ჩვენს პარტნიორებს“, — განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ჰელენ მაკენტიმ.
რეგულაცია ითვალისწინებს იმპორტის გადასახადების დროებით შეჩერებას სომხური პროდუქციის ფართო სპექტრისთვის, მათ შორის შერჩეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის, რომლებიც ექვემდებარება სატარიფო კვოტებს. ეს ზომები იმოქმედებს რეგულაციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში და დაფარავს სომხეთიდან რუსეთში ახალი ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეების ექსპორტის თითქმის 99%-ს და სასმელებისა და სპირტიანი სასმელების 91%-ზე მეტს.
საბჭომ მხარი დაუჭირა კომისიის წინადადებას ყოველგვარი ცვლილებების გარეშე. სავარაუდოდ, იმავეს გააკეთებს ევროპარლამენტიც სექტემბრის პლენარულ სესიაზე.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისიდან რუსეთმა შეზღუდა სომხეთიდან ყველა საკარანტინო პროდუქციის იმპორტი, ასევე რუსეთის ტერიტორიის გავლით მის ტრანზიტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში.
მიუხედავად როსსელხოზნადზორის მტკიცებისა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკას არ უკავშირდება, სომხური პროდუქციის ხარისხის დაწუნება და იმპორტის შეზღუდვა სწორედ რუსეთსა და სომხეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვის ფონზე დაიწყო. მოსკოვს მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური გამწვავების ფონზე არაერთხელ გამოუყენებია.
