თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი „სმარტ სოლუშენსი“ კიდევ ერთხელ დააჯარიმა. 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში წერია, რომ მიზეზი ამჯერადაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევაა.
კერძოდ, მერია ამბობს, რომ 24 აგვისტოს კომპანია 24-საათიან რეჟიმში არ მუშაობდა:
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის N14-01262081344 წერილით, დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 2026 წლის 28 ივლისიდან, 24 საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა, 2026 წლის 24 აგვისტოს (21:00 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები 24- საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა“, – წერია საჯარიმო წერილში.
კომპანია დაჯარიმდა ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით – 1 583.34 ლარით.
კომპანია აქამდე დაჯარიმებულია ოთხჯერ: 24 ივლისს, 29 ივლისს ორჯერ და 10 აგვისტოს.
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება – რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.
ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, უნდა მოეწყოს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდეს გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგოს ასფალტის საფარი.
პროექტის სრული ღირებულება 50 მილიონამდე ლარს შეადგენს.
