პენიტენციურმა სამსახურმა ადვოკატ გიორგი მხეიძეს წერილობით უპასუხა ლაშა ბუღაძის რომანის – „დამკვირვებლის“ პენიტენციურ დაწესებულებაში შეგზავნაზე უართან დაკავშირებით.
ლაშა ბუღაძის რომანი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ნანა სანდერსისთვის სურდათ გადაეცათ.
პენიტენციური ამბობს, რომ ამ წიგნის სათაური შინაარსთან დაკავშირებით „ბუნდოვანებას ქმნის“ და არ იძლევა „ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას“.
„ლაშა ბუღაძის რომანის „დამკვირვებლის“ სათაური რომანის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით, რის გამოც მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.
აქვე, დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერ იქნება შეგზავნილი პენიტენციურ დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი ავტორი“, – წერია პენიტენციურის პასუხში, რომელიც ლაშა ბუღაძემ გაავრცელა.
ბუღაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
„დაუჯერებელია, რომ ამას მხატვრულ ტექსტზე წერენ, მაგრამ ალბათ ლოგიკურია“.
ადვოკატი გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ ბუნდოვანი რჩება განმარტება და აპირებენ ყველა სამართლებრივი ნაბიჯის გადადგმას.
„ეს მიდგომა ამავდროულად არის საშიში, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია აკრძალოს ნებისმიერი სახის წიგნი“, – ამბობს ადვოკატი „ტვ პირველთან“.
იხილეთ ასევე:
