2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ მლეთაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა სამძებრო სამუშაოები დაასრულეს.

მისი თქმით, გამოირიცხა ვერსია, რომ გურამი მეწყერს ემსხვერპლა. მისი სხეული, ვერც დალუქულ ჭაში იპოვეს.

“ბოლო დღეებში სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ: საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, სამაშველო სამსახური და კრიმინალური პოლიცია. ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ სამივე სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა.

გამოძიება გრძელდება და წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყრის ვერსია გამორიცხულია. შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. გამოძიება გრძელდება სხვა ვერსიების გადასამოწმებლად! ჭაც შემოწმდა”, – აცხადებს ადვოკატი.

შსს-ს ცნობით, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, იკვეთება შემდეგი სურათი – 2014 წლის 10 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის სალოცავში თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. ვინაიდან რთული რელიეფური გზის გამო ისინი ვერ მოახერხებდნენ მიკროავტობუსით სალოცავამდე მისვლას, ავტომობილი გააჩერეს სოფელ მლეთაში და ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. აღნიშნული პირები სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოებით ღამის 2 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. მოწმეთა განცხადებით, ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი.

მოწმეთა განცხადებით, გურამ დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი. შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა, როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა.

მოწმეთა განცხადებით, აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა.

“მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მას არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩამოჯდა გურამ დადიანიძე, მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი. საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა”, – აცხადებენ შსს-ში.

ამ 12 წლის განმავლობაში დადიანიძის დედა მუდმივად ითხოვდა სამძებრო სამუშაოების განახლებას, ის ითხოვდა დამეწყრილი ადგილის შემოწმებას, თუმცა მისივე განცხადებით, ამაოდ. გამოძიება ბოლო დღეებში გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც საქმე მასმედიის და სოცქსელების მომხმარებლების ყურადღების ქვეშ მოექცა.