აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაცია უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და სადგური ადრე თუ გვიან უნდა დაიხუროს.

ამის შესახებ ალიევმა ნახიჩევანში ვიზიტისას, აზერბაიჯანის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს სრული ტექსტი აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZƏRTAC-მა გამოაქვეყნა.

ალიევის თქმით, სომხეთის ენერგიის მთავარი წყარო ამჟამად ატომური ელექტროსადგურია. მისი შეფასებით, სადგური მოძველებულია და „მთელი რეგიონისთვის საფრთხის წყაროა“.

„ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება უსასრულო პროცესი ვერ იქნება, ადრე თუ გვიან ის უნდა დაიხუროს“, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, სადგურის დახურვის შემთხვევაში სომხეთი შესაძლოა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, ამიტომ ქვეყანას ენერგიის დამატებითი წყარო დასჭირდება.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე არაერთხელ გამოხატავდნენ შეშფოთებას.

ალიევმა სომხეთის ენერგეტიკულ საკითხზე საუბარი ასევე დააკავშირა TRIPP-ის პროექტთან. მისი განცხადებით, პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა უკვე ჩაატარეს შესაბამისი ანალიზი სომხეთის ტერიტორიაზე და განსაზღვრეს ადგილები, სადაც ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენების განთავსებაა შესაძლებელი.

ამასთან, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე ალიევის შეფასება განსხვავდება საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) პოზიციისგან: NEWS.am-ის ცნობით, სააგენტოს სპეციალისტებმა ბოლო ვიზიტისას განაცხადეს, რომ სადგურის მუშაობა საფრთხეს არ წარმოადგენს.