5 აგვისტოს თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში (TBMM) რამდენიმე ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თურქეთის ხელისუფლებას აფხაზეთის მიმართ მოქმედი „იზოლაციის პოლიტიკის“ გადახედვისკენ მოუწოდეს. სოხუმში ამ ნაბიჯს უპრეცედენტო უწოდეს.

პრესკონფერენციის ორგანიზატორი იყო კამპანია „Stop the Isolation of Abkhazia“ („დაასრულეთ აფხაზეთის იზოლაცია“), რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის მონაწილეობით მიმდინარეობს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, ინიციატივას მხარი დაუჭირეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მათ შორის TİP-ის (თურქეთის მუშათა პარტია), DEM Party-ის, Yeni Yol-ის, EMEP-ის, Yeniden Refah-ისა და Yeni Parti-ის დეპუტატებმა. განცხადება პარლამენტში წაიკითხა TİP-ის დეპუტატმა აჰმედ შიქმა.

მათი მთავარი მოთხოვნებია: თურქეთმა აფხაზური პასპორტები სამგზავრო დოკუმენტებად აღიაროს, ოფიციალური აღიარების საკითხისგან დამოუკიდებლად; აღდგეს პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა თურქეთსა და აფხაზეთს შორის.

განცხადების ავტორები ამტკიცებენ, რომ არსებული შეზღუდვები აფხაზების გადაადგილების, განათლების, სამედიცინო მომსახურებისა და ოჯახური ურთიერთობების უფლებებს ზღუდავს. არგუმენტაციისას ისინი ჩრდილოეთ კვიპროსისა და ტაივანის მაგალითებსაც იხსენებენ.

თურქულმა დამოუკიდებელმა გამოცემა T24-მა გაავრცელა ინფორმაცია პრესკონფერენციის შესახებ. გამოცემის ცნობით, ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა სწორედ ჰუმანიტარულ საკითხებზე და მოთხოვნებზე, რომლებიც ეხება აფხაზური პასპორტების მიღებას თურქეთში და პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების აღდგენას.

5 აგვისტოს პრესკონფერენციას წინ უძღოდა მსგავსი განცხადებები თურქეთის ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

ივლისში თურქეთის EMEP-მა ოფიციალურ განცხადებაში განაცხადა, რომ აფხაზეთის „საერთაშორისო იზოლაცია“ ზღუდავს აფხაზების ფუნდამენტურ უფლებებს და თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა, აღიაროს აფხაზური პასპორტები და გახსნას პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა Civil Georgia-მ, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთი კვლავ უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ოპოზიციური ძალების ნაწილი ჰუმანიტარული მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობს.

მიუხედავად ოპოზიციური დეპუტატების ინიციატივისა, ამ ეტაპზე თურქეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნული ერთობლივი განცხადება ვერ მოიძებნა [ანკარა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში].

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის 29 ივნისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. პარლამენტის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თურქეთი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამ ეტაპზე 5 აგვისტოს პრესკონფერენცია წარმოადგენს ოპოზიციური დეპუტატებისა და აფხაზური დიასპორის ერთობლივ პოლიტიკურ ინიციატივას და არა თურქეთის პარლამენტის ან მთავრობის ოფიციალურ გადაწყვეტილებას. განცხადებაში გაჟღერებული მოთხოვნების განხილვის ან მათი განხორციელების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა