გორის პოლიციის წარმომადგენლებმა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მძიმე დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კონფლიქტის დროს ბრალდებულმა რამდენიმე გასროლა კიდევ ორი თანასოფლელის მიმართულებითაც განახორციელა, რა დროსაც დაზიანდა ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომობილი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა სამი პირი, თუმცა მათ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამოღებულია იარაღიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.