ევროპარლამენტარები ეხმაურებიან ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას და ევროკავშირისგან რეაგირებას მოითხოვენ
ლიეტუველი ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პატიიდან (EPP), საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე სანაიას სოლიდარობას უცხადებს და წერს:
„ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის Facebook-პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის მისჯა აჩვენებს, თუ რა სისწრაფით ეშვება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიების მორევში. ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის პატრონებსაც კი გადაუსწრებს. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს“.
„ნამდვილად. ევროპამ უნდა უპასუხოს მოსკოვის ვასალის მიერ განხორციელებულ უკანონო რეპრესიებს“, — პასუხობს X-ზე პოლონელი ევროპარლამენტარი იმავე პოლიტიკური ჯგუფიდან მიჰალ ვავრიკევიჩი.
სანაიას დაკავებას EPP-ის კიდევ ერთი წევრი, გერმანელი მიხაილ გალერიც გამოეხმაურა.
„ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია Facebook-ზე პოსტის გამო 14 დღით დააპატიმრეს. რამდენადაც დამამშვიდებელი არაა ის ფაქტი, რომ რუსეთში მას გაცილებით მეტს მიუსჯიდნენ, ეს ნათლად აჩვენებს, თუ რომელ მხარეს დგას დღევანდელი საქართველო — ევროპის ავტორიტარულ ნაწილში. საბჭოთა საქართველო რეალობა ხდება“, — თქვა მან.
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა (EPP, პოლონეთი) მიმართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, გაფართოების ევროკომისარ მარტა კოსს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს:
„საქართველოში ჟურნალისტი ვახო სანაია Facebook-პოსტის გამო 14 დღით დააპატიმრეს. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირი ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში. მკაცრი და გადამწყვეტი მოქმედებების დროა!“
ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუკზე დაწერილი პოსტის გამო
