ბათუმში რუსი შემსრულებლის, ანი ლორაკის და რუსული ჯგუფის – t.A.t.u.-ს კონცერტები გაუქმდა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსი“ ავრცელებს და წერს, რომ ეს ცნობა მიიღეს ბათუმის ჩოგბურთის კორტების ადმინისტრაციისგან, რომლის მოედანზეც უნდა გამართულიყო ღონისძიებები.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ორივე კონცერტი გაუქმებულია“, – განუცხადეს „TASS-ს“ ადმინისტრაციაში.

„ტატუს“ კონცერტი პირველ აგვისტოს იყო დაგეგმილი, ლორაკის- 14 აგვისტოს.

პლატფორმა Biletebi.ge გვიდასტურებს, რომ კონცერტების ბილეთების გაყიდვა ამ ეტაპზე შეჩერებულია.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსაც, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ კონცერტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ და ამ ღონისძიებების ორგანიზებასთანაც არ აქვთ კავშირი.

„ბათუმელები“ ივნისში წერდა, კორტებზე დაგეგმილი კონცერტების ერთ-ერთ ორგანიზატორად, რომ biletebi.ge-ზე მითითებული იყო Batumi Live. მათ ჩამოჰყავდათ ანი ლორაკი და t.A.t.u. რეესტრის მიხედვით, Batumi Live-ის მფლობელი მამუკა მამულაძეა. ივნისში მან არ უპასუხა „ბათუმელების“ ზარებს.


ანი ლორაკი ეროვნებით უკრაინელია, თუმცა 2014 წლიდან ფაქტობრივად რუსეთში მოღვაწეობს. მას უკრაინამ 2022 წლის ოქტომბერში სანქციები დაუწესა. მომღერალს ასევე ჩამოართვეს უკრაინის სახალხო არტისტის საპატიო წოდება.

რაც შეეხება ჯგუფ t.A.T.u.-ს  ომის დაწყების შემდეგ ჯგუფს რუსეთის აგრესია საჯაროდ და ოფიციალურად არ დაუგმია და აგრძელებენ კონცერტების ჩატარებას.

ვინ ამღერებს რუსებს ბათუმში – „სპორტიც და ხელოვნებაც პოლიტიკაა“