მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ მარატ კამბოლოვთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს მის მხარდასაჭერად და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა მას 18 სექტემბრის არჩევნებში დაუჭერს მხარს.
რუსეთის მოქალაქე და რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე წლების განმავლობაში ნამუშევარი მარატ კამბოლოვი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრემიერად, მოგვიანებით კი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოსკოვმა და ცხინვალმა ახალი შეთანხმება გააფორმეს და ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი პოსტიდან სწორედ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გადადგა.
პუტინმა შეხვედრაზე თქვა, რომ “კამბოლოვის გამოცდილება” რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოებსა და სამეცნიერო სფეროში დაეხმარება მას „რესპუბლიკის განვითარების პრიორიტეტული ამოცანების სწორად განსაზღვრაში“.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გამოცდილება სამინისტროებში, უწყებებში და მეცნიერებაში დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ სამხრეთ ოსეთის განვითარების უმთავრესი ამოცანები, შემდეგ კი უზრუნველყოთ მათი შესრულება. ამაში არანაირი ეჭვი არ მეპარება.
ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ. დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ სამხრეთ ოსეთის განვითარების იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც აშკარაა და შესაძლოა, ერთობლივად ვიპოვოთ გზები იმ ამოცანების გადასაჭრელად, რომლებიც რესპუბლიკის წინაშე დგას. გისურვებთ წარმატებას სამხრეთ ოსეთში მომავალ საარჩევნო პროცესში და იმედი მაქვს, რომ რესპუბლიკის მცხოვრებლები მხარს დაგიჭერენ. თქვენ კი, თავის მხრივ, გაამართლებთ მათ ნდობას“, – უთხრა კამბოლოვს პუტინმა.
შეხვედრაზე მარატ კამბოლოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა „გულწრფელად არის ორიენტირებული რუსეთზე“.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ სამხრეთ ოსეთის ხალხისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში რესპუბლიკის მოსახლეობისთვის გააკეთა“, – განაცხადა კამბოლოვმა.
მისი თქმით, რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას სამხრეთ ოსეთისთვის „უდიდესი მნიშვნელობა აქვს“.
„ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ“, – უთხრა კამბოლოვმა პუტინს.
მოგვიანებით კამბოლოვმა საკუთარ Telegram-არხზე დაწერა, რომ პუტინის სიტყვები მისთვის „დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა“.
„სამხრეთ ოსეთი იყო და რჩება რუსეთის საიმედო მოკავშირედ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შევძლებთ იმ ამოცანების გადაწყვეტას, რომლებიც დღეს ჩვენი რესპუბლიკის წინაშე დგას, ხალხისა და სამხრეთ ოსეთის მომავლისთვის“.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
