აშშ-სა და ირანს შორის მტრული თავდასხმები განახლდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწევა დროებით ზავს ორ ქვეყანას შორის, რომელიც გასულ თვეში დაიდო.

ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამოწურულია, თუმცა მომლაპარაკებლებს „თუ ასე უნდათ, შეუძლიათ ლაპარაკი განაგრძონ“. ამას  უკვე დროის კარგვად მიიჩნევს და ირანის ლიდერებს მატყუარებს უწოდებს.

ტრამპმა ეს განცხადებები თურქეთში, ნატოს სამიტზე ყოფნისას გააკეთა მედიასთან.

ახლო აღმოსავლეთში ცეცხლი გასულ ღამით განახლდა. ამასთან, აშშ-მა ირანულ ნავთობზე სანქციებიც აღადგინა. ნავთობზე ფასებიც მომენტალურად ავარდა.

აშშ-ის იერიშს და ირანულ ნავთობზე სანქციებს მოჰყვა ირანელთა თავდასხმა აშშ-ის სამხედრო სტრატეგიულ ობიექტებზე ბაჰრეინსა და ქუვეითში. ამ ყველაფერს კი, თავის მხრივ, წინ უძღოდა ირანელთა იერიში აშშ-ის გემებზე ჰორმუზის სრუტეში.

ირანის პრეზიდენტი პარალელებს ავლებს მსოფლიო ჩემპიონატთან და აშშ-ს ადანაშაულებს, რომ ორივე მიმართულებით ერთნაირად იქცევა, როგორც აწყობს, ისე „ცვლის წესებს, ჩაგრავს მოწინააღმდეგეებს და ქმნის ნიადაგს თაღლითობისთვის, რაც MAGA-ს სახელმძღვანელოა“. ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს და ყველაფერს გააკეთებს ირანის უფლებების დასაცავად.

აშშ-სა და ირანს შორის მემორანდუმს ხელი მხოლოდ გასულ თვეში მოეწერა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მტრულ მოქმედებებს შეწყვეტდნენ, ჰორმუზის სრუტე გაიხსნებოდა და ირანულ ნავთობს სანქციები მოეხსნებოდა.