შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 2 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან ისროლა.

უწყება ამბობს, რომ იგი ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილზევე, ბრალდებულის სახით დააკავა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა“, – წერია შსს-ს განცხადებაში. 

შსს ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.