„Meydan TV-ის” საქმის ფარგლებში დაპატიმრებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ნურლან ლიბრემ (გაჰრამანლიმ) წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აკრიტიკებს  აზერბაიჯანის პოლიტიკურ სისტემას, ავტორიტარიზმსა და საზოგადოებრივ დამოკიდებულებებს.

ნურლან ლიბრეს (გაჰრამანლი) ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის 206.3.2-ე მუხლით, რაც გულისხმობს გუნდურად განხორციელებულ კონტრაბანდას. გამოძიების მიხედვით, ბრალდება უკავშირდება მის საქმიანობას „Meydan TV“-ში, თუმცა თავად ჟურნალისტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ რეალური მიზეზია მისი კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობა ხელისუფლების მიმართ.

ავტორის შეფასებით, საზოგადოებაში არსებული „პატარა დიქტატორები“ , ოჯახში, სამსახურში თუ სხვა სფეროებში ძალაუფლების მქონე ადამიანები ქმნიან იმ გარემოს, რომელიც ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

„პატარა დიქტატორების ჩრდილები რომ ერთიანდება, ილჰამ ალიევის მსგავსი ტირანები გვმართავენ“ ,- წერს ლიბრე.

ჟურნალისტის აზრით, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საკუთარ ძალაუფლებას საზოგადოების იმ ნაწილის მხარდაჭერით ინარჩუნებს, რომელიც ძლიერ ლიდერს უპირობოდ ემხრობა და ძალაუფლების კონცენტრაციას ამართლებს.

ლიბრე ასევე ამბობს, რომ აზერბაიჯანში პრაქტიკულად წაშლილია ზღვარი ხელისუფლებასა და სახელმწიფოს შორის.

„ამ სისტემაში, სადაც გაურკვეველია, სად მთავრდება ხელისუფლება და სად იწყება სახელმწიფო, ილჰამ ალიევი თავად სახელმწიფოა”.

წერილში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ყარაბაღის საკითხსაც. ავტორის თქმით, 44-დღიანი ომისა და შემდგომი მოვლენების პერიოდში ხელისუფლების მხარდაჭერამ პრეზიდენტის პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა.

„ჩვენი ყარაბაღის ტკივილი დასრულდა, მაგრამ თავისუფლების ტკივილი დაიწყო“ ,- წერს ჟურნალისტი.

ლიბრე ასევე აცხადებს, რომ კორუმპირებული სისტემები საბოლოოდ იშლება და მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, არ გახდნენ ამ სისტემის თანამონაწილენი.

„რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის, უარი ვთქვათ მათ გვერდით დგომაზე. კორუმპირებული სისტემები ადრე თუ გვიან ინგრევა”.