მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი გამოიტანა და დღეს, 21 მაისს, ხაბეიშვილს 2 წლითა 6 თვით, ხოლო ზოდელავას 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორ დააკავეს და რაზე დაყრდნობით გამოუტანეს განაჩენი ხაბეიშვილსა და ზოდელავას
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს ტ/კ ფორმულას ეზოში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ედავებოდა საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] და შსს-ს წარმომადგენლების მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებას, ასევე, საქვეყნოდ მოწოდებას ხელისუფლების დამხობისკენ.
ზოდელავას კი ედავებიან ხაბეიშვილის ტელეფონის გადამალვის მცდელობას ეპიზოდში, როდესაც დაკავებისას ხაბეიშვილმა მას ტელეფონი მიაწოდა და ზოდელავამ ადგილიდან გარიდება ტელეფონთან ერთად სცადა.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ხაბეიშვილის შემთხვევაში ერთი მუხლი გადააკვალიფიცირა. 339-ე მუხლი [ქრთამის შეთავაზება] შეცვალა 318-ე მუხლის [საბოტაჟი] პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით, სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას.
გადაკვალიფიცირებული მუხლის ფარგლებში, მოსამართლემ სასჯელის ზომად ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. მეორე მუხლის ფარგლებში კი [317 — საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ] სასჯელის ზომად განუსაზღვრა 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა. ამ უკანასკნელმა, უფრო ხანგრძლივმა სასჯელმა შთანთქა წინა მუხლის ფარგლებში განსაზღვრული ნაკლებვადიანი საპატიმრო სასჯელი. შესაბამისად, ლევან ხაბეიშვილი ციხეში 2 წელს და 6 თვეს გაატარებს, საიდანაც 8 თვე, რაც წინასწარ პატიმრობაში გაატარა, უკვე მოხდილად ეთვლება.
განაჩენის გამოცხადებამდე წინა დღით, 20 მაისს, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა, საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა ლევან ხაბეიშვილმა, თუმცა ამჯერად მისი სიტყვა მოკლე იყო, რაც წინასწარვე იმით ახსნა, რომ სათქმელი იმის გარდა, რაც მანამდე სხდომებზე ილაპარაკა, ბევრი აღარაფერი დარჩენოდა.
„მთელი 9 თვეა წინასწარ პატიმრობაში ვარ და რეალურად, ჩემი სასამართლო სულ 3 საათი გაგრძელდა, მეტი არა. 3 საათი განიხილებოდა რაღაც კონკრეტული, ამისთვის ვიყავი წინასწარ პატიმრობაში 9 თვე.
ჩემი საქმე ალბათ სულ 10 გვერდი იქნება. „მოწმე“ ჰყავდათ სულ 3 კაცი და აქედან ორი არ მოიყვანეს. 9 თვე იმიტომ ვიჯექი ციხეში, რომ მაგათზე არ მომეხდინა ზეწოლა.
მთელი ეს პერიოდი პროკურორი არ ჩანდა და განცხადებებს არ აკეთებდა. ესეც ბევრის მანიშნებელია. ერთხელ არ დაუცავს მისი პოზიცია. ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული, არ არის ობიექტი, არ არსებობს სიკეთე და მატერიალური კეთილდღეობა, რომელიც მე შემეძლო მიმეღო [იმის ჩადენით, რასაც მედავებიან].
პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, რომც მინდოდეს, რამე ვაღიარო, რა ვაღიარო?! საჯარო განცხადებებს მედავებიან. განსხვავება ჩვენ შორის [პროკურატურასთან] ის არის, რომ იმან ასე აღიქვა, როგორც აღიქვა და მისი აღქმების გამო, პოლიტიკოსი უნდა იჯდეს ციხეში. კი ბატონო, აგერ ვარ და გისმენთ“ — მიმართა მოსამართლეს ლევან ხაბეიშვილმა.
მურთაზ ზოდელავა სხდომას არც ერთხელ დასწრებია. მას სხვა, 4 ოქტომბრის საქმეზე, ამავე მოსამართლემ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას აღარც ლევან ხაბეიშვილი დაესწრო.
ხაბეიშვილისა და ზოდელავას საქმეში პროკურატურას ბექა ხუნაშვილი წარმოადგენდა.
ხაბეიშვილისადმი წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად, პროკურორს მოჰქონდა ამონარიდები ხაბეიშვილის სატელევიზიო ეთერებიდან, მთელი თვეების მანძილზე გაცემული ინტერვიუები და ვიდეომიმართვები მისი დაკავების დღემდე.
პროკურორმა დასკვნით სიტყვაშიც აღნიშნა, რომ ხაბეიშვილის „მოწოდებებს ჰქონდა ერთადერთი მიზანი — გაეერთიანებინა ბევრი ადამიანი და მათი ძალისხმევა მიემართა ხელისუფლების დამხობისკენ“. ამის დასტურად, მან მოიტანა ხაბეიშვილის ისეთი ციტატები, როგორიცაა:
- „პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობაზე, მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მესამე გზა არ არსებობს.“
- „ერთადერთი გამოსავალი არის ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა, ნუ გეშინიათ ამ სიტყვის, სხვანაირად ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ.“
- „ნუ უქმნით ხალხს ილუზიას, რომ ივანიშვილი უძლეველია. ხოცვა-ჟლეტაზე არიან გადასულები.“
- „4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ივანიშვილის რეჟიმი. რაც მეტნი ვიქნებით, მით მალე დავამთავრებთ.“
- „24 საათზე მეტი არ დასჭირდება იმას, კობახიძე და მდინარაძე აეროპორტში იხვეწებოდნენ, გაგვიხსენით გზაო.“
პროკურორის შეფასებით, ფორმულირება „მშვიდობიანი დამხობა“ ოქსიმორონია და „მშვიდობიანის“ დამატებით „დამხობის“ ძალადობრივი და უკანონო შინაარსი არ იცვლება.
რაც შეეხება ქრთამის საჯაროდ დაპირების ეპიზოდს, პროკურატურის განცხადებით, „უტყუარად დგინდება, რომ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების პარალელურად, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეებში ავრცელებდა მოწოდებებს და გდდ-ს, შსს-ს თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 დოლარის ქრთამის სახით გადაცემას, უკანონო ქმედებების სანაცვლოდ.“
პროკურორის განმარტებით, გამოდის, რომ ის უკანონო ქმედებები, რის სანაცვლოდაც ჰპირდებოდა ხაბეიშვილი თანხას სამართალდამცველებს, არის უარის თქმა მოქალაქეთა წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, წვრთნაზე.
გაგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი თავადაც გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი სპეცრაზმელთა მხრიდან. მასზე თავდასხმაში ბრალდებულ ორ სპეცრაზმელს წინასწარი პატიმრობა 9 მაისს შეუფარდეს.
ადვოკატების შეფასებით, მთელი საქმე ხაბეიშვილისა და ზოდელავას წინააღმდეგ „სამართლებრივი აბსურდია“.
„თუკი თქვენ გადაწყვეტთ, რომ როცა პოლიტიკოსი საჯაროდ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას და ბიუჯეტიდან დაჰპირდება მოხელეს პრემიას, ეს ქრთამის შეთავაზებაა, ამით თავდაყირა დააყენებთ სისხლის სამართალს. პროკურორს ყოველთვის შეუძლია ადვილად თქვას, რომ ეს მისი პოზიციაა, მაგრამ თქვენ მოგიწევთ ამაზე ხელის მოწერა“, — მიმართა მოსამართლეს ხაბეიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა დასკვნით სიტყვის თქმისას და დაამატა, რომ „სისხლის სამართალი სიტყვას არ სჯის“, რომლის ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად შეიძლება.
ხაბეიშვილის ადვოკატები ასევე ხაზს უსვამდნენ, რომ გარდა საჯარო გაცხადებებისა, რასაც ღიად ინტერვიუებში და მიმართვებში ამბობდა ხაბეიშვილი, სხვა მტკიცებულება მის წინააღმდეგ პროკურატურას არ წარმოუდგენია, მათ შორის, არც იმ ტელეფონიდან, რომელიც გადამალვის მცდელობას მურთაზ ზოდელავას ედავებიან. ასევე მიუთითებდნენ იმას, რომ საჯაროობა ქრთამს გამორიცხავს, რომელიც თავისი ბუნებით არის ფარული. ხაბეიშვილის შემთხვევაში კი, განცხადებებს იგი აკეთებდა საჯაროდ, განუსაზღვრელი რაოდენობის პირთა მიმართ.
