„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, და რუსეთმა არ უნდა გვასწავლოს, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობა და ევროკავშირში წევრობა ერთმანეთთან შეუთავსებელია. შეუძლებელია დარჩე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და ამავე დროს იყო ევროკავშირის წევრი. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან დაახლოებას და როდესაც დადგება დრო, მივიღოთ გადაწყვეტილება რომელიმე ქვეყნების ჯგუფის ოჯახში გაწევრიანებაზე, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. აქ ახალი არაფერია და კიდევ ერთხელ, ეს გარედან არ უნდა გვკარნახობდნენ“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ კესტუტის ბუდრისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, სომხეთი რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის შექმნას არ აპირებს.

“ჩვენ პარტნიორები ვართ, რომლებსაც მრავალრიცხოვანი კავშირები გვაკავშირებს, და მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, ამ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჯანსაღ გარემოში განვითარებისთვის“.

მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი ყველა მიმართულებით პოზიტიური, ჯანსაღი, ურთიერთპატივისცემასა და სარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელებისკენ არის მიდრეკილი.

სომხეთში 5 მაისის ევროპული სამიტის კონტექსტში და წინა პერიოდებშიც, მოსკოვს არაერთხელ განუცხადებია სხვადასხვა ოფიციალური პირის განცხადებებით, რომ სომხეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც სომხეთის ხელისუფლებას ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არაერთხელ აცხადებდა, რომ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვებას არ აპირებს, სანამ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი და ЕАЭС-ში წევრობა ერთმანეთს ხელს არ შეუშლის.