ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე, რომელიც 15 მაისს, მოლდოვაში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას მიმართა, სადაც ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფასა და საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
„ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. „მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება,“ – თქვა ბოჭორიშვილმა.
რუსეთის დუმამ პლენარულ სხდომაზე “სამხრეთ ოსეთთან [დე ფაქტო – რედ.] თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების” რატიფიცირება მოახდინა.
შეთანხმების მიხედვით, მოსკოვი და ცხინვალი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და ეტაპობრივად გადავლენ ერთიან მიდგომაზე “საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების” საკითხებში.
ასევე დაგეგმილია ენერგეტიკული და სატრანსპორტო სისტემების გაერთიანება, საერთო კავშირისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება, სოციალური, შრომითი და კულტურული სფეროების თანამშრომლობის გაფართოება.
დოკუმენტი ასევე მიზნად ისახავს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას და თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნას.
