“სომხეთმა ბოლო წლებში შეძლო შეემცირებინა პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული დამოკიდებულება ერთი ცენტრისგან და მოახდინა მეგობარი ქვეყნების დივერსიფიკაცია. სომხეთმა დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ევროკავშირთან, ჩინეთთან, ყაზახეთთან, აქვს მჭიდრო ურთიერთობები ინდოეთთან და ასევე ინარჩუნებს მყარ კავშირებს რუსეთთან. ჩვენი მიზანი ამ კავშირების დივერსიფიკაციაა“, – „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა საერთაშორისო ფორუმის „ერევნის დიალოგის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
მირზოიანი შეეხო სომხეთის პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების აზროვნებას იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამდნენ ისინი სამყაროს დიდი ხნის განმავლობაში:
„ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ამ მტრულ გარემოში გვჭირდებოდა ერთი ძლიერი, დიდი ძმა, მეგობარი, რომელსაც შეეძლო ჩვენი დაცვა. ეს თვალსაზრისი ახლა შეიცვალა, რადგან როდესაც დადგა დრო და ჩვენ ნამდვილად დაგვჭირდა ამ დიდი მეგობრის დაცვა, ეს დახმარება არ მოვიდა. ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი მოქალაქეების, ფართო საზოგადოების ხედვა საგარეო პოლიტიკაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ ელიტაზე. ახლა, როგორც ჩანს, ჩვენ გარკვეულწილად შევძელით ერთი ცენტრისგან ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირება და ჩვენი მეგობრების წრის დივერსიფიკაცია“, – განაცხადა მირზოიანმა.
