ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მეგობრული და საინტერესო საუბარი ჰქონდა.
კობახიძის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ის დახურული ფორმატის იყო. თუმცა, როგორც კობახიძე აცხადებს, საუბრის ინიციატორი ზელენსკი იყო, რასაც თავად მყისიერად დათანხმდა.
შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი. ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა. თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენ შორის. თავად პრეზიდენტმა [ზელენსკიმ] გამოხატა ეს ინიციატივა [შეხვედრის], ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ შორის იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი…
ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა. ტრადიციული, ისტორიული მეგობრობა აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს და ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად. ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
4 მაისს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს შეეხო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაკა ბოჭორიშვილი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა აცხადებს, რომ მაკა ბოჭორიშვილთან განიხილეს როგორც უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები, ასევე ევროინტეგრაციის საკითხები და შეთანხმდნენ შემდგომში კომუნიკაციის გაგრძელებაზე .
„ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.
ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრთან დაკავშირებით. ასევე განვიხილეთ ევროინტეგრაციის საკითხები და ხაზი გავუსვით ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს გლობალურ პროცესებში.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.
შევთანხმდით შემდგომში კონტაქტის გაგრძელებაზე“, – წერს სიბიჰა X-ზე.
4-5 მაისს სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი იმართება თემაზე- „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად სომხეთს რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერი ეწვია. სამიტში მონაწილეობისთვის ერევანში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჩავიდნენ. სამიტზე პირველად, სტუმრის სტატუსით მიწვეულია არაევროპული ქვეყნის ლიდერი – კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.
