“სულ ახლახან მასალის რაიონის სერვისების განვითარების სააგენტოდან დაურეკეს აფგან სადიგოვს და აცნობეს, რომ უცხოეთის პასპორტს ვერ მისცემენ, რადგან თითქოს ძებნაშია. მართლა აღარ ვიცი, ეს რა თამაშია”, – წერს აზერბაინელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლი ფეისბუკზე, სევინჩ სადიგოვა.
ხვალ, პირველ მაისს აფგან სადიგოვს უცხოეთის პასპორტი უნდა აეღო, რათა აზერბაიჯანი დაეტოვებინა და ოჯახთან გამგზავრებულიყო საფრანგეთში.
“ამისთვის თანხა გადახდილია, პასპორტის გაცემისთვის საჭირო ყველა პროცედურა დასრულებულია. უბრალოდ ხვალ უნდა მისულიყო და დოკუმენტი ჩაებარებინა.
აფგანთან დაკავშირებით ყალბი სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 1 აპრილს დაიხურა, ანუ მას შემდეგ უკვე ერთი თვე გავიდა. მაგრამ ამ ერთი თვის განმავლობაში ადამიანი რამდენჯერმე პოლიციაში წაიყვანეს და უთხრეს — „ძებნაში ხარ“. აბა, ეს ძებნის სტატუსი სისტემიდან ვინ უნდა წაშალოს? მე?!”- წერს სადიგოვის ცოლი.
აზერბაიჯანის მოქალაქის პირადობის მოწმობის მიღების შემდეგ, საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტირებულმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა საზღვარგარეთის პასპორტის მისაღებად ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ მიმართა აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისების ცენტრს.
2026 წლის 4 აპრილს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდა 2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული Facebook პოსტის გამო. პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: [იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.]
2026 წლის 5 აპრილს, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
ალიევის რეჟიმის მწვავე ოპონენტი და პოლიტპატიმარი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ნახევარ წელზე მეტი ხნით დააპატიმრა და შემდეგ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდა, თბილისში ყოფნის დროს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებში ყოველდღიურად მონაწილეობდა.
